mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

„გადავარჩინოთ თელავის მედიაკაფე“

„გადავარჩინოთ თელავის მედიაკაფე“


თელავის მედიაკაფე პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი პეტიციის პასუხს ელოდება.
ცენტრალურ ხელისუფლებას კაფეს დამფუძნებელმა და გაზეთ „კახეთის ხმის“ მთავარმა რედაქტორმა, მაია მამულაშვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც ქალაქის თავისუფალი სივრცე დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. საიჯარო ხელშეკრულებას, რომელიც მაია მამულაშვილს ქალაქის მერიასთან ჰქონდა დადებული, ვადა 2016 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
იყო დაპირება, რომ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა და თელავის სამხატვრო სკოლის სარდაფში განთავსებული კაფე მუშაობას განაგრძობდა, თუმცა მერიამ დაპირება შეცვალა და სივრცის სამხატვრო სკოლისთვის გადაცემა გადაწყვიტა.
ქალაქის მერიაში გადაწყვეტილების მიზეზად სამხატვრო სკოლის ტერიტორიის სიმცირეს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, სკოლა, სადაც ამჟამად 120 მოსწავლე სწავლობს, 5 წლის განმავლობაში ითხოვდა მერიისგან ფართის გამოყოფას და არსებული ფართის რესტავრაციას. სამხატვრო სკოლა 6 წლიანი უნდა იყოს, თუმცა იმის გამო რომ სივრცე საკმარისი არ არის, ბავშვები 4 წლიან პროგრამას გადიან.
სანაცვლოდ, მერიამ მედიაკაფეს უკვე შესთავაზე რამდენიმე ალტერნატიული ფართი, თუმცა კაფეს დამფუძნებლები ამბობენ, რომ ყველა მათგანი ქალაქიდან მოშორებითაა და ხელახლა გასარემონტებელია. „შენობები ისეთ მდგომარეობაშია რომ იქ გადასვლას მინიმუმ 5 თვე ვერ შევძლებთ.თავიდან მოგვიწევს ყველაფრის გაკეთება, რაც აქ 4 წლის მანძილზე გავაკეთეთ“, – ამბობს „კახეთის ხმის“ რედაქტორი, ნატალია ცისკარაშვილი.
თელავის მერიაში იმედოვნებენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მოლაპარაკებას მაინც შეძლებენ.
„ჩვენი მიზანია, შეთანხმებამდე მივიდეთ. ჩვენ ვართ განწყობილი თანამშრომლობისკენ. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ის ფართი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მაგრამ ჩვენ სხვა ფართი არ გაგვაჩნია. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ქალაქში სამხატვრო სკოლის განვითარება და როდესაც ჩვენი ფართი სჭირდება ჩვენსავე ორგანიზაციას, რომ განავითაროს მასზე დაკისრებული უფლება მოვალეობები, ცხადია პირველ რიგში უპირატესობას მას ვანიჭებთ“- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ თელავის ვიცე-მერმა, თენგიზ მთვარელიშვილმა.
მედიაკაფე 2012 წელს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით დაარსდა. დამფუძნებლებმა მიტოვებული და ნაგვით სავსე სარდაფი გაასუფთავეს, ფართი გაარემონტეს და იქ კაფე მოაწყვეს. სარდაფი, რომლის არსებობაზეც ქალაქში ცოტამ თუ იცოდა, თელავის ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ იქცა. იქ სტუმრებს დისკუსიების, შეხვედრებისა და შემოქმედებითი საღამოების გარდა, ყავითა და ტკბილეულით მასპინძლობასაც სთავაზობდნენ. იმის მიუხედავად, რომ ორგანიზაცია კომერციულ საქმიანობას ეწეოდა და კაფე გაზეთ „კახეთის ხმისთვის“ დამხმარე ბიზნესი იყო, ფართს მსურველებს ხშირად უფასოდაც უთმობდნენ. კაფეს პარალელურად, 2014 წლიდან ნახევარსარდაფში ფუნქციონირებდა ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორორობისათვის „თელავის გენდერის მედიაცენტრი“ და გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქცია.
ოთხი წლის განმავლობაში მედიაკაფემ 500-მდე ღონისძიებას უმასპინძლა. ის ადამიანები, ვინც კაფეს ხშირად სტუმრობდნენ, შიშობენ, რომ მისი დახურვით ქალაქი უმნიშვნელოვანეს კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს დაკარგავს. გაზეთ „კახეთის ხმას“ სოლიდარობა უკვე გამოუცხადეს კოლეგებმა, კაფეს ერთგულ სტუმრებთან ერთად ისინიც შეუერთდნენ პეტიციას, რომლის მიზანიც თელავის მედიაკაფეს გადარჩენაა.
წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი