mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ვახვახიშვილების ისტორიული სასახლე განადგურების პირას

ვახვახიშვილების ისტორიული სასახლე განადგურების პირას


ვახვახიშვილების 1743 წლის კოშკი, რომელსაც რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა, ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. შეშენობა დაბინძურებულია, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები, ჩამოხსნილია კარი. მნახველის თვალს კედლებზე გამოსახული სხვადასხვა შეურაცხმყოფელი წარწერაც მოხვდება.
ისტორიულ კედლებში პრეზერვატივებსაც წააწყდებით და ფარული ინტიმური ურთიერთობებისათვის შენობაში ერთ-ერთი ოთახიც არის მოწყობილი. თელავის მერიაში ადასტურებენ, რომ გაურკვეველი პირები ვახვახიშვილების ციხის ინფრასქტრუქტურას მუდმივ რეჟიმში ანადგურებენ.
შენობის რეაბილიტაციისათვის მერიის ბიუჯეტიდან 23000 ლარამდე დაიხარჯება, თუმცა ამ დრომდე ის უფუნქციოდ იყო დარჩენილი. რამდენიმე თვის წინ თელავის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო და შენობა ახალ დატვირთვას შეიძენს.
„აქ ხშირია მოსახლეობის მხრიდან მინების ჩამტვრევა და სხვა ამორალური საქციელი. მაგრამ ეს არის მოგვარებადი საკითხი და ძალიან მალე ეს შენობა მიიღებს იმ დატვირთვას, რაც დღეს ქალაქს სჭირდება“, – აცხადებს თელავის მერის კულტურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი ვახტანგ გაგნიძე.
თელავის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ზაქარია რაზმაძე აცხადებს, რომ ვახვახიშვილების ციხე პერიოდულად სუფთავდება, თუმცა ვითარება უცვლელია და დროის მოკლე პერიოდში უწყება იმავე პრობლემების წინაშე დგება:
„ეს შენობა კულტურის ცენტრს ორი თვის წინ გადაეცა. იმ დროისათვის არ იყო ფინანსები მისი რეაბილიტაციისთვის, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობდით, მასზე გვეზრუნა ე.წ. ,,შაბათობის” მოწყობით, თუმცა ეს შენობა ყოველდღიურად მაინც ბინძურდება,“ – აღნიშნავს ზაქარია რაზმაძე.
ისტორიული წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთის კოშკს ახასიათებს ორიგინალური გადაწყვეტა, რაც მის ცილინდრულ მოყვანილობაში გამოიხატება. ეს არქიტექტურული დატალი შენობას ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის გამოც კულტურულ ძეგლს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
„თელავში შემორჩენილი ვახვახიშვილების ციხე, რომელიც მეთვრამეტე საუკუნისაა, ისტორიულად ეკუთვნოდათ თავად ვახვახიშვილებს. ალექსანდრე ორბელიანი წერს, რომ თავადი ვახვახიშვილები სხედან თავიანთ სასახლეში და ჩრდილოეთით გადაჰყურებენ ალაზნის ველის მეტად მოსაწონ ბუნებას. თავის დროზე ციხის შესასვლელის თავზე არსებობდა წარწერა, რომელიც გადმოგვცემდა ისტორიას ამ ციხის შესახებ. სამწუხაროდ ეს წარწერა დღემდე არ არის შემორჩენილი. ის, რაც დღეს სახეზეა, წარმოდგენას გვიქმნის იმ შინაარსსა და დატვირთვაზე, რა შინაარსი და დატვირთვაც ამ ძეგლს ჰქონდა“, – განმარტავს ძეგლთა დაცვის სპეციალისტი ვახტანგ გაგნიძე.
თელაველები ისტორიული ციხის ბოლომდე განადგურებისაგან დაცვის მიზნით ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებების გატარებას ურჩევენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ სახელმწიფო ისტორიულ ციხეს აღადგენს და სათანადო ინფრასტრუქტურას მოაწყობს, ეს კულტურული ძეგლი ტურისტებისათვის მიმზიდველ ობიექტად იქცევა.
„ვახვახიშვილების ციხის შესახებ თელავზე დაცულ ისტორიულ დოკუმენტებში წამიკთხავს. ზოგადად თელავში მაინცდამაინც ბევრი ისტორიული ძეგლი არ არის და რაც გვაქვს იმასაც არ ვუფრთხილდებით. ჩემი თვალით მაქვს იქ ვანდალიზმის ფაქტები ნანახი, იქაურობა ძალიან არის დაბინძურებული, განადგურებულია, ჩამონგრეული. მიუხედავად იმისა, რომ შეაკეთეს და გაალამაზეს ხალხმა იგივე დამართა და ძალიან გული მტკივა“, – ამბობს თელავში მცხოვრები ნინო მოსიაშვილი.
„ეს მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს ქვეყნის განძი და ღირსშესანიშნაობაა. მას უნდა მიხედოს სახელმწიფომ და გამოყოს ფინანსები, რომ აღადგინოს და ჩაუტაროს რესტავრაცია”, – აცხადებს თელაველი ელენე ნაირაშვილი.
კულტურის ცენტრის დირექტორის, ზაქარია რაზმაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტზე გამოცხადებულია ტენდერი რის შემდეგაც ისტორიული ძეგლის დამხმარე ფლიგელში კულტურის ცენტრი განთავსდება.
,,მერიამ გამოყო თანხა, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ, რომ შენობა შევაკეთოდ. სავარაუდოდ, თვენახევარში კულტურის ცენტრი გადავა ახალ შენობაში, სადაც არაერთი სიურპრიზი ელოდება თელაველ და არა მარტო თელაველ საზოგადოებას. ახალ შენობაში დაგეგმილია არტ-კაფეს გაკეთება, სადაც კვირაში ორი-სამი დღე დაეთმობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომელიც დღემდე თელავში არ გამართულა. იმედი მაქვს, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონი ზაფხულის მსგავსად დატვირთული იქნება საინტერესო აქტივობებით, რაშიც თელაველების მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – აცხადებს ზაქარია რაზმაძე.