mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში თაფლის ფესტივალი გაიმართა

თელავში თაფლის ფესტივალი გაიმართა

თელავში, ,,კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამისა” და ,,კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის” ინიციატივით, ტკბილეულის გამოფენა–გაყიდვა ,,ტკბილი ფესტივალი” გაიმართა.
საშობაო ბაზრობაზე ასოციაციის წევრმა მეფუტკრეებმა ფუტკრის პროდუქტები, სოფლის ნობათი, ჩურჩხელები და თექის ნამუშევრები წარადგინეს.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თაფლი, ახლად ამოვლებული ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა ტრადიციული წესით დამზადებული პროდუქტი.
World Vision საქართველოს დირექტორის, ეკა ჟვანიას თქმით, მეფუტკრეობის განვითარებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება და პროდუქტის გამოფენა–გაყიდვა მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს დარგის განვითარებას.
,,კახეთის სამხარეო პროგრამის მხარდაჭერით სამი წელია შეიქმნა და ფუნქციონირებს არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაცია “კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია”. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ტრადიციას და ამის შემდეგ ყოველწლიურად თელავში ჩატარდება თაფლის ფესტივალი. პროექტის ფარგლებში, ,,მეფუტკრეთა ასოციაცია” თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან 63 წევრს მეფუტკრეს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ტრადიცია დამკვიდრდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,”– განუცხადა Knews.ge-ს ეკა ჟვანიამ.
საახალწლო გამოფენა–გაყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.