mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს რეაბილიტირებული სასტუმრო მოემსახურება

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს რეაბილიტირებული სასტუმრო მოემსახურება

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს რეაბილიტირებული სასტუმრო მოემსახურება. ვიზიტორთა ცენტრს, სადაც სასტუმროც მდებარეობს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ განუცხადა, რეაბილიტირებული სასტუმრო 15 წლიანი იჯარით შპს ,,ჰერეთი 2016’’–მა აიღო. მისივე თქმით, სასტუმროს ფუნქციონირება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას.
,,სასტუმრო ფუნქციონირებდა 2007 წლიდან, სულ 3 ნომერი იყო და ჩვენ ვმართავდით. ჩვენი ბიუჯეტი ცენტრალიზებულია, რის გამოც სასტუმროს მართვა ასეთ პირობებში საკმაოდ მოუქნელი იყო. 2015 წელს ფონდმა ,,ქართუს’’ დაფინანსებით ვიზიტორთა ცენტრს რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სულ გამოვიდა 7 ნომერი, აქედან 1 ადაპტირებული ოთახი შშმ პირებზე და ღია და დახურული კაფეტერია 40 კაცზე. რეაბილიტირებული სასტუმრო გავიტანეთ აუქციონზ და ის 15 წლიანი იჯარით აიღო შპს ,,ჰერეთი 2016’’–მა. მეიჯარემ სასტუმროში შემოიტანა ინვენტარი და სასტუმროს დაარქვა ,,ვალდ ჰოტელ ლაგოდეხი’’. აქ, ასევე, ფუნქცინირებს კაფე, რომელიც მცირე დროში ძალიან პოპულარული გახდა’’, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.
მისივე ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე იგეგმება ლიტერატურული კაფის გახსნაც.
,,ახალი სერვისები მნიშვნელოვანია იმ ტურისტებისთვის, რომლებიც მიდიან ტურისტულ ბილიკზე ან ბრუნდებიან. კაფის მომსახურება ძალიან მიმზიდველია მათთვის. აქ ასევე შესაძლებელი ლანჩპაკეტის მომზადებაც. ამ დროისთვის სასტუმროს აქვს 3 ჰოსტელის ტიპის ნომერი, რომელიც შედარებით დაბალ ფასიანია და ჯგუფს შეუძლია აიღოს. მნიშვნელოვანია, რომ საიჯარო თანხა წელიწადში მინიმუმ 16 000 ლარი ჩვენთან შემოდის და ამით შესაძლებელია კარგი საქმის გაკეთება. გაჩნდა 5 ახალი სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივები დასაქმდნენ. 2017 წლის ტურისტული სეზონისათვის მეიჯარე ფიქრობს, რომ არსებული კაფე გადააკეთოს ლიტერატურულ კაფედ, რომელიც აქტიურად მოემსახურება ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებს,’’– აღნიშნა გიორგი სულამანიძემ.