მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში 10:00 საათზე დაიწყება.
დიდი აიაზმის წესით, ნათლისღების წინა დღე, 18 იანვარი, წყლის კურთხევის დღეა, რასაც მორწმუნეები ერთდღიანი მძიმე მარხვით აღნიშნავენ. ტაძრებში წყალი დღესაც ეკურთხება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.