mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ახალციხეში ადგილობრივი რადიოსადგური გაეშვა

ახალციხეში ადგილობრივი რადიოსადგური გაეშვა

Report.ge
ახალი რადიო, რომელიც FM 97.5‐ზე საცდელი მაუწყებლობით დღეს გავიდა ეთერში, ახალციხის გარდა ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს. ახალციხის რადიოს მოსმენა ვალეშიც შეიძლება.
რეგიონალური მაუწყებლის დაარსების ინიციატივა გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” ეკუთვნის. რადიო „სამხრეთის კარიბჭე“ ამავე სახელწოდების გაზეთისა და საინფორმაციო სააგნეტოს ბაზაზე დაარსდა. როგორც გამოცემის დირექტორი ლელა ინასარიძე ამბობს, რადიო საცდელ რეჟიმში რამდენიმე თვის განმავლობაში იმაუწყებლებს:
‐ “ამ ეტაპზე მიმდინარეობს კადრების გადამზადება. ვემზადებით როგორც საინფორმაციო, ასევე, შემეცნებითი და გასართობი გადაცემებისთვის”.
გადაცემები იქნება როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენაზე. ამ დროისთვის რადიო‐ეთერში “სამხრეთის კარიბჭეს” გუნდი მუშაობს, თუმცა, დაგეგმილია კადრების დამატებაც.
მაღალი ხარისხის რადიო‐მაუყებლობისთვის საჭირო ტექნიკა საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა, ხოლო პროექტირება და
ინფრასტრუქტურის მომზადება “სამხრეთის კარიბჭის” კონსულტანტმა კონსტანტინ სტალინსკიმ განახორციელა.
‐ “ჩვენი მიზანი იყო რეგიონის რაც შეიძლება ბევრ დასახლებულ ადგილამდე ჩაეღწია რადიო‐სიგნალს. ამავდროულად უნდა შეგვენარჩუნებინა კარგი ჟღერადობაც. უნივერსიტეტის ლაბორატორიის მხარდაჭერით ეს შესაძლო გახდა”, ‐ აცხადებს ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი.
პროექტის ავტორის თქმით ახალი რადიოს პოტენციურ პარტნიორად მოიაზრებს “რადიო ნორს” ‐ საქართველოს პირველ რადიოსადგურს, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაუწყებლობს.
თავად FM 97.5‐ზე გაშვებული ახალციხის ახალი რადიო თავისი არსით სათემო მაუყებელს უფრო მიესადაგება, თუმცა “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” კერძო მაუწყებლობის №B185 ლიცენზია აქვს მინიჭებული. ლიცენზიის პირობების თანახმად, რომელიც ამა წლის 15 მარტს “სამხრეთის კარიბჭეს” მიენიჭა, რადიო ვალდებულია ქართულ და სომხურ ენაზე იმაუწყებლოს.
გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ 2004 წელს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა დააარსა. იმის გამო, რომ სამცხე–ჯავახეთი მულტიეთნიკური რეგიონია, გაზეთი ორენოვანია, ქართულ–სომხური.
2012 წლიდან გაზეთის ბაზაზე ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო დაარსდა, რომელიც მულტიმედია მასალებითაა დატვირთული. გამოცემა ყოველკვირეულ ვიდეო‐გადაცემებს ამზადებს, ადაპტირებულს ინტერნეტისთვის.
თეგები: |