საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზების მშენებლობისთვის, დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ფინანსური წინადადებები გაიხსნა.
უწყების ცნობით, ბაკურციხე-წნორის გზა 16-კილომეტრიანი, ხოლო გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზა 30-კილომეტრიანი მონაკვეთია და მისი მშენებლობა, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე (SLRP III) პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
,,ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 9 თვეში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი პროექტირების, გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს. ასევე, უნდა მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია აღნიშნული გზების პროექტირება-მშენებლობისთვის. ჩამოთვლილი დოკუმენტების მოსამზადებლად გაიხსნა მხოლოდ იმ 3 კომპანიის ფინანსური წინადადებები, რომლებმაც ტენდერში, მინიმალური საკვალიფიკაციო-ტექნიკური ქულა გადალახეს. აღნიშნული დოკუმენტების მომზადებას, მსოფლიო ბანკი აფინანსებს,’’– განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ბაკურციხე-წნორისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზები, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 -პუნქტიანი გეგმის, კერძოდ სივრცითი განვითარების ნაწილია. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სივრცითი მოწყობის ფარგლებში, არსებული საავტომობილო გზები, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები და შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რომლის საშუალებით ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.