ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში სულგუნის საწარმო ერთი წლის წინ გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ჯერ კიდევ არ არის სათანადო დანადგარებით აღჭურვილი, 4 სახეობის ყველის წარმოებას მაინც ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ ტექნიკურა არ არიან აღჭურვილები, მათ საქართველოს ბაზრის ნაწილის ათვისება მაინც მოახერხეს.
საწარმოს მეპატრონე ხათუნა თედეიშვილი ჯერ მეცხოველეობას მისდევდა და მიღებული რძით ყველი ამოჰყავდა. სწორედ აქედან გაჩნდა სულგუნის საწარმოს გახსნის იდეაც, რომელიც მალევე განახორციელა. ხათუნა გაზეთ ,,კახეთის ხმასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სულგუნის საწარმო ბანკიდან აღებული სესხით გახსნეს.
ყველის წარმოებისთვის საჭირო რძეს მოსახლეობისაგან ყიდულობენ. საწარმოში რძეს ლაბორატორიულად ამოწმებენ, რათა საბოლოო პროდუქტის დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ ამუშავებენ.
,,გვინდა, სრულად ავითვისოთ საქართველოს ბაზარი და შემდეგ გავიდეთ ევროპისა და რუსეთის ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია ხარისხიანია, არანაირ მინარევებს და რძის ფხვნილს არ ვხმარობთ, რძესაც კი არ ვხდით. ჩვენს დისტრიბუტორს სხვადასხვა სოფლიდან და ახლომდებარე ფერმიდან შემოაქვს რძის მარაგი, რომლის ხარისხიც ყოველთვის არ არის კარგი. რადგან ლაბორატორია არ გვაქვს და მოსახლეობიდან ვიღებთ შენაკრებ რძეს, ამიტომ ყოველ შემოსვლაზე ვიღებთ სინჯებს, მიგვაქვს ლაბორატორიაში და ვამოწმებთ. თუ მასში არის რაიმე მინარევები, მაგალითად წყალი, ამ ცხიმიანობაა დაბალი, მაშინ არ ვყიდულობთ და ბევრჯერ უკანაც გაგვიტანებია”.
ხათუნა თედეიშვილი ფინანსური სახსრების ნაკლებობაზე ჩივის და ამბობს, რომ უფრო მეტი პროდუქცია საწარმოებლად ტექნიკური აღჭურვილობაა საჭირო, რომლის შეძენაც დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. თედეიშვილმა იცის, რომ გარკვეული მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე მის მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.
,,ვიცი რომ საწარმო ევროსტანდარტების მიხედვით არ არის აშენებული, მაგრამ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რაც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად. ამ ეტაპზე საწარმოში ბევრი რამ გვაკლია მაგალითად: ვაკუუმის აპარატი, რომელიც გვქონდა და გაგვიფუჭდა. ასევე გვინდა ლაბორატორიის გაკეთება და დამატებითი დანადგარების შეძენა, ბანკის სესხით რამის გაკეთება და მუშაობა ძალიან ძნელია. თუ იქნება სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარება, შევეცდებით ყველა ის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ რაც საჭიროა. მთავარია, მოგვაწოდოს ვინმემ ინფორმაცია როგორ შეიძლება ჩავერთოთ სახელმწიფო პროგრამებში’’, – განაცხადა ხათუნა თედეშვილმა.
სოფელ კოღოთოს საწარმოში ამ დროისთვის 3 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული და მათი რიცხვის გაზრდაც იგეგმება. იმისთვის, რომ სოფელში დამზადებული პროდუქცია მომხმარებლამდე ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მივიდეს, მომზადების რამდენიმე ეტაპს გადის. მიღებული რძიდან იმერული ყველი ამოდის, შემდეგ იხარშება, კეთდება სულგუნი, იბოლება, ზომაზე იჭრება და იფუთება. საწარმოს თანამშრომლისათვის თინა შაშვიაშვილისთვის აღნიშნული პროცედურის კეთება უკვე რამდენიმე წელია ყოველდღიური საქმიანობად იქცა.
,,ჯერ ვაკეთებთ იმერულ ყველს, შემდეგ სულგუნი იხარშება, ფორმა ეძლევა, იჭრება და იბოლება. ბოლოს ვაწყობთ პარკში, ეკვრება ეტიკეტი და გასაყიდად მზად არის. აქ მომუშავე პერსონალს გვაქვს გავლილი გადამზადება, დავდივართ ტრენინგებზე და ეტაპობრივად ვიღრმავებთ ცოდნას”, – აცხადებს თინა შაშვიაშვილი.
სოფელ კოღოთოში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ საწარმოს ფუნქციონება მნიშვნელოვანია, რადგან რძის რეალიზაციას ახერხებენ. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანია.
,,ამ ყველს მთელი სოფელი ვყიდულობთ, ვენდობით. აქვე ვცხოვრობთ და ვხედავთ, რომ სუფთად მზადდება. მეპატრონე ამოწმებინებს მოსახლეობიდან ნაყიდ რძის ხარისხს. რაც ყველაზე მთავარია სოფელში მცხოვრები ხალხი ჰყავს დასაქმებული’’, – განაცხადა სოფელ კოღოთოს მკვიდრმა ჯიმშერ ჯანგირაშვილმა.მეწარმე ქალბატონი საწარმოს გაფართოვებაზე, აღჭურვასა და დამატებითი სახეობის პროდუქციის წარმოებაზე ოცნებობს. მას იმედი აქვს, რომ სამომავლოდ ქარხნული ყველის, იოგურტის და ნაყინის პროდუქციას დაამზადებს. იგი ფიქრობს, რომ ადგილობრივი და უცხოური ბაზრების ათვისების საშუალება მიეცემა. ხათუნას მიაჩნია, რომ მისი საწარმოს გაფართოება სოფელში მოსახლეობის ფინანსურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
,,ქარხნული ყველის დამზადებისთვის საჭიროა მაღალი დონის სპეციალისტის დაქირავება, რომ სხვებსაც შეასწავლოს ეს პროცედურა. სამომავლოდ, გვინდა, შევძინოთ მაღალი წველადობის ძროხები. დაგეგმილი გვაქვს ასევე იოგურტის, მაწონის და ნაყინის წარმოება. ეს ყველაფერი კი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც ჯერ არ გაგვაჩნია. სულ მალე ჩვენს საწარმოს ტურისტული დატვირთვაც ექნება. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დახმარებით ვაპირებთ მივიღოთ უცხოელი სტუმრები, რომლებიც თავად მიიღებენ პროდუქციის მომზადებაში მონაწილეობას.’’
საწარმოს მფლობელი ამბობს, რომ ისინი საჭირო სტანდარტების დანერგვას და ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანას გეგმავენ. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება კი ითვალისწინებს ქართული პროდუქციის მკაცრ კონტროლს, სანამ ის ევროპელ მომხმარებლებამდე მიაღწევს. მისი ხარისხი ევროპულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. განსაკუთრებით მკაცრია ევროპის მოთხოვნები რძის პროდუქტებზე. ევროკავშირის სტანდარტზე გადასვლის პროცესი ფერმებიდან უნდა დაიწყოს და პროდუქტი უნდა გაკონტროლდეს „სუფრამდე“. მწარმოებლებისთვის პროდუქტის შემოწმება რთულია და საკმაო ხარჯსაც მოითხოვს. სურსათის უვნებლობის ადგილობრივი სამსახურები ლაბორატორიულ დასკვნას ვერ გასცემენ. ფერმერს პროდუქტის შემოქმება საქართველოს დედაქალაში მოუწევს და ყოველ ჯერზე 300 ლარი უნდა გადაიხადოს.