mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ბზობის დღესასწაულს ბზის გარშე რომ არ შევხვდეთ

ბზობის დღესასწაულს ბზის გარშე რომ არ შევხვდეთ

ვიდრე ბზის შესახებ მოგიყვებით, ახალი ამბავი მინდა გაგიზიაროთ:
ჩვენ ვაგრძელებთ მოგზაურობას – თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცირე,უკანონოდ შექმნილი ნაგავსაყრელების გაწმენდას, იმ ადგილების ნერგებით გამწვანებასა და რეკრეაცული ფუნქციის მინიჭებას. დღეს ნაგავსაყრელების გაწმენდა სოფელ ფშაველსა და ლაფანყურში დავიწყეთ. ძალიან გამიხარდა, როცა ლაფანყურის სკოლაში ვიზიტისას, ეს ძალიან კარგი რამ დამხვდა. ამ სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კარგად იციან 4R კონცეფცია და ნარჩენებს(აქ: გამოუსადეგარ საბურავებს) ხელახალ სიცოცხლეს აძლევენ !
გირჩევთ მიბაძოთ.
ძალიან გთხოვთ ყველას, ბზის დამტვრეული ტოტების ნაცვლად, იყიდეთ ქოთნის ბზა, იგი გაიზრდება, და თქვენ წვლილს შეიტანთ ბზის გადარჩენაში. ბზობის დღესასწაულებზე უამრავი ბზა იჭრება და გასაყიდად გამოტანილი ბზის რტო არის 30-40 წლის. საქმე იმაშია, რომ აქ ერთ და ორ რტოზე კი არა, ასი ათასობით ტოტზეა საუბარი.
ქრისტე ბზის ზომით შვილებს არ არჩევს. ნუთუ, უფრო დიდი სიკეთე არაა ქოთნის ბზის ყიდვა, იგი ხომ გაიზრდება და მისგან კიდევ უამრავი ბზის ნერგის მიღებაა შესაძლებელი!
ბზობა ხომ სიცოცხლის დღესასწაულია, ამიტომ ნუ ვიქნებით სასტიკი და სიცოცხლის დღესასწაულზე ნუ მოვკლავთ ბზას!
გამიხარდება, თუ ამ პოსტით თუნდაც 2 ადამიანს შევუცვლი აზრს და ისინი დამტვრეული ტოტების ნაცვლად ქოთნის ბზას იყიდიან!
ძალიან მალე, გადავწყვიტე დავიწყო ბზის გამრავლება კალმით. მომავალ წელს, მზად ვარ ყველა მსურველს ჩემი ხელით გამოყვანილი ქოთნის ბზა გაჩუქოთ! 🙂
1) რატომ არის ბზა უნიკალური?
ბზა (Buxus) წარმოადგენს ორლებნიან მცენარეთა გვარს ბზისებრთა ოჯახიდან. იგი არის უნიკალური მცენარე ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მსოფლიოში, იშვიათია მცენარე რომელიც არის ერთდროულად მარადმწვანე და ფოთლოვანი, ბზა კი ამ იშვიათ მცენარეთა შორის არის. გარდა ამისა, იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე დეკორაციისთვის, რადგან მოვლა ძალიან მარტივია და მუდმივად არის მწვანე.
2) რატომ უნდა გავუფხილდეთ ბზას?
მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი გავუფრთხილდეთ ბზას, რადგან გარდა იმისა, რომ ის არის უნიკალური, ბოლო დროს, საქართველოში გავრცელებულ სახეობას – კოლხურ ბზას დიდი საფრთხე დაემუქრა, რადგან გავრცელდა სოკოვანი დაავადებები, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში არსებული ბზების 80-85 % გაანადგურა. თუ ასე გაგრძელდა ბზის განადგურება, მალე საქართველოში ბზა აღარ იქნება.
3) ბზის რომელი სახეობებია ამჟამად გავრცელებული საქართველოში?
ბზა აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში, ფილიპინის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, დასავლეთ ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში.
კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური და ჰირკანული ბზა. საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი, ანუ მარადმწვანე, წვრილფოთლოვანი, იაპონური და ბალეარული ბზა. თუმცა, საქართველოში, დომინანტ, წამყვან სახეობას კოლხური ბზა წარმოადგენს.
4) ბზის მოვლა საოჯახო პირობებში:
ბზის მოვლა შესაძლებელია ჩვეულებრივ, ისევე როგორც სხვა მცენარეები, თუმცა მნიშვნელოვანია, ხშირად დავათვალიეროთ მისი ფოთლები, რადგან შევამჩნიოთ და დროულად მოვახდინოთ მცენარის დაავადების პრევენცია.
ბზის მთავარ ,,მტერს“ , ,,ბზის სიდამწვრეს“, იგივე პათოგენურ სოკოს, ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
ახალდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთოლი კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და სცვივა. ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას მცენარის ტოტები და საბოლოოდ ბზა ხმება. მეორე მიზეზით, ბზის ხმობა გამოწვეულია ბაქტერიებით, ნიადაგის სოკოებით და უნაყოფო სოკოს მიცელიუმით.
აღნიშნული ბაქტერიები და ნიადაგის უნაყოფო სოკოს მიცელიუმი (თესლი) იწვევს მცენარის ფესვების ბუსუსების დაზიანებას, ლპობას, რაც გამოიხატება მცენარის კვების რეჟიმის დარღვევით. მცენარე ჭკნება, ფოთლები სცვივა და ხმება.
5) ბზის გამრავლება
წყარო: ,,ბზის გამრავლება საშინაო პირობებში“ (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი[CENN], Austrian Development Cooperation, ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო)
ბზის გამრავლება კალმით:
მცენარის შერჩევა
– დაკალმებისთვისა აუცილებელია შერჩეული მცენარე შეარჩიოთ დიდი ყურადღებით, შერჩეული მცენარე და მის გარშემო ყველა მცენარე უნდა იყოს ჯანსაღი;
– კალამი უნდა იყოს ერთი წლის მაინც, არ არის სასურველი კალმად ახალი ნაზარდის გამოყენება;
კალმის მომზადება:
– მჭრელი სეკატორით უნდა აიჭრას 12-15 სმ სიგრძის კალამი;
– აჭრილ კალამს მჭრელი დანით უნდა მოეჭრას ქვედა ფოთლები 5-7 სმ-ზე ისე, რომ არ დაზიანდეს ღერო;
– გამზადებული კალამი შეახვიეთ პოლიეთილენში, ან ჩადეთ წყალში, რომ დარგვამდე არ გამოშრეს;
სუბსტრატის მომზადება:
– სუბსტრატად გამოიყენეთ ტორფის წვრილი ფრაქცია;
– სუბსტრატი მოათავსეთ 3-4 სმ დიამეტრის კასეტებში ან ერთჯერად ჭიქებში;
– კასეტბში მოთავსებული სუბსტრატი კარგად მორწყეთ.
კალმის ჩარგვა:
– მოამზადეთ დასაფესვიანებელი ხსნარი(ჰეტეროაუქსინის 2 აპი იხსნება 10 ლიტრს წყალში, საკმარისია 1000 კალმისთვის);
– გამზადებული კალმის ღეროს ქვედა ნაწილი ჩადეთ დასაფესვიანებელ ხსნარში და გააჩერეთ 10-16 საათი;
– სუბსტრატში წვრილი ჯოხის საშუალებით გააკეთეთ ჩაღმავება;
– შემდეგ კალამი ჩადეთ სუბსტრატის ღაღმავებულ ადგილას და სუბსტრატი კარგად მიტკეპნეთ;
– დაკალმების შემდეგ კასეტებს გადაფარეთ პოლიეთილენის პარკი;
– დადგით თბილ, განათლებულ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას;
დაფესვიანება და გადარგვა:
– კალამი გადასარგავად მზად იქნება დაახლოებით 2 თვეში.
6) რჩევები – როგორ დავიცვათ ბზა?
გამოიყენეთ ბზის მოჭრილი ტოტები მის გასამრავლებლად და შეიძინეთ ქოთანშ გამოყვანილი ბზა;
არ შეიძინოთ ბზის დამტვრეული ტოტები;
თუ მაინც და მაინც გსურთ ბზის ტოტის შეძენა, იყიდეთ ძალიან პატარა ტოტი(6-8 სმ);
დაიწყეთ ბზის გამრავლება საოჯახო პირობებში;
დაცულ ტერიტორიდან არ წამოიღოთ ბზის ტოტები;
ინფორმაცია მიაწოდეთ გარშემომყოფებს ბზის გადაშენების საფრთხის შესახებ და ურჩიეთ, მათაც დაიწყონ ბზის გამრავლება.