გადავწვიტე ჩემი ბლოგი ისევ გარემოს დაცვას მივუძღვნა და კონკრეტულად სვიანას რეკრეაციულ ზონაზე ვისაუბრო. მანამდე გეტყვით, რომ სვიანა თელავიდან 30 კმ-ში, თუშეთში მიმავალ გზაზე მდებარეობს და ულამაზესი ლანდშაფტით გამოირჩევა.
2015 წლის ივნისში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა[CENN]ამ ადგილას რეკრეაციული ზონა მოაწყო.
დაიდგა რამდენიმე მაგიდა და სკამი, მოწეყო ფანჩატურები, გამოიყო „ბარ ბექიუს“ ადგილები. ბუნებაში პიკნიკს გარემო რომ არ დაეზიანებინა, იქვე 4 ურნა დაიდგა. ამ ადგილის მოვლასა და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებლობა კი მუნიციპალიტეტმა აიღო.
რეკრეაციული ზონის შექმნიდან ერთ თვეში ერთი ურნა მოიპარეს და მაგიდები დააზიანეს. სულ მალე ყველაფერი ისევ გაკეთდა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
უკვე წელიწადზე მეტია სვიანას რეკრეაციული ზონა აქტიურად ,,მუშაობს“, წვიმაშიც რომ მიხვიდეთ, მაინც ნახავთ ხალხს. მეგობრებისა თუ ოჯახის წევრებისათვის ბავშვებით ბუნებაში დროის გასატარებლად საუკეთესო ადგილად იქცა.
მონიტორინგის მიზნით, გადავწყვიტეთ ეს ადგილი მოგვენახულებინა. ფოტოში კარგად ჩანს ის, რაც დაგვხვდა. გავსებული ურნები, ურნების ირგვლივ უამრავი ნაგავი და საშინელი ანტისანიტარია.
ეს ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოვაქვეყნეთ. რატომღაც, ყველა ადამიანმა მოსახლეობის კრიტიკა დაიწყო, მაგრამ იქნებ ვიდრე ამ ადამიანებს სხვადასხვა ეპითეტითა და მეტაფორით შევამკობთ დავფიქრდეთ ერთ საკითხზე: სვიანას რეკეაციულ ზონას ძირითადად სტუმრობენ მახლობლად მდებარე სოფლების მოსახლეობა, სადაც ნაგვის გატანა დიდი პრობლემაა. ამ ადგილებზე არც ნაგვის ბუნკერებია.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს საცხოვრებელ ადგილას არაა ურნები, წახვედით პიკნიკზე ბუნებაში და წარმოქმენით ნარჩენი,.რა თქმა უნდა, მოგინდებათ ურნაში ჩააგდოთ ნაგავი. თუმცა, ურნები სავსეა.
მე რომ ასეთ სიტუაციაში ვიყო, ალბათ მეც ურნასთან დავდებდი ნაგვის გროვას, იმ იმედით, რომ მოვა ნაგვის მანქანა და ურნების დაცლასთან ერთად, ჩემი ნარჩენების გროვასაც წაიღებს. მეტი რა შეიძლება გავაკეთო? ნუთუ ის ჯობია, მდინარეს გავაყოლო, ან უმისამართოდ მოვისროლო?
შეგახსენებთ, რომ სვიანას მახლობლად მდებარე სოფლებში ურნები არ დგას.
ჩემი აზრით, ნარჩენების ტრანსპორტირება რომ არ ხდება, ეს არანაირად არაა ჩვენი, ადამიანების ღორობისა და სამარცხვინოობის მიზეზი.
ის ფაქტი, რომ ნაგვის გროვები ურნებთან ახლოსაა და არა მდინარეში, ან სხვაგან არ ყრია, ვფიქრობ, ძალიან კარგია და იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენში გარემოში მოქცევის კულტურა ნელ-ნელა რომ მაღლდება.
ის, კი რაც ფოტოზე და ახლა სვიანაზე ხდება, ვისი დანაშაულია, დასკვნები თქვენთვის მომინდვია.