mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

დაკონსერვებული სანატორიუმი კახეთში – რეპორტაჟი არხილოსკალოდან

დაკონსერვებული სანატორიუმი კახეთში – რეპორტაჟი არხილოსკალოდან
საქართველოში ერთადერთი დაბალი მთის კლიმატური კურორტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოში მდებარეობს. 

ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმი, სადაც უნიკალური სტეპის ქარისა და მზის განსაკუთრებული სხივებით თირკმელის დაავადებებს მკურნალობდნენ, განადგურების პირასაა.
სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე შენობა-ნაგებობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული.
ვიდრე დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელში მდებარე ნეფროლოგიური სანატორიუმი ინვესტორის მოლოდინშია, 88 წლის ჯარჯი პაპა არხილოსკალოს ერთგული გუშაგის მოვალეობას უკვე 23 წელია ასრულებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის, მალხაზ მერაბიშვილის განცხადებით, ნეფროლოგიური სანატორიუმი 90-იანი წლებიდან უფუნქციოდ არის დარჩენილი. მერაბიშვილი მიიჩმნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ სანატორიუმის აღდგენის მიზნით სერიოზული ფინანსური ინვესტიცია ჩაიდება, სოფელში დასაქმების პრობლემა მოგვარდება.
,,სანატორიუმის ტერიტორია, რომელიც დაკონსერვებულ მდგომარეობაშია, ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაარჩინა იმ სახით რა სახითაც შემორჩა. ტერიტორია, რომელიც 10 ჰექტარია, მუნიციპალიტეტის ქონებას არ წარმოადგენს. აქ ფუნქციონირებდა რამდენიმე განყოფილება – ადმინისტრაციული, სამზარეული, სამრეცხაო, სამკურნალო ოთახები, მოწყობილი იყო საცხოვრებლებიც. ბენეფიციარებს გაშენებული ჰქონდათ ვენახი და უვლიდნენ მას“, – აცხადებს მალხაზ მერაბიშვილი.
არხილოსკალოსთვის დამახასიათებელია მზიანი დღეები და სტეპის სუსტი მშრალი ქარები, რაც დაბალ ტენიანობასთან ერთად ორგანიზმიდან წყლის ინტენსიურ აორთქლებას უწყობს ხელს. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს დაბალი მთის კლიმატური კურორტის პროფილს. გასული საუკუნის 80 იან წლებში ნეფროლოგიურ სანატორიუმში მოსულ უცხოელ და ქართველ პაციენტებს შარდსასქესო სისტემის დაავადებებზეც მკურნალობდნენ.
სოფელ არხილოსკალოში დედოფლისწყაროს გამგებლის წარმოამდგენელი გოჩა კობაიძე ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც სანატორიუმია განთავსებული, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია და ერთ დროს უცხოელების სიმრავლით გამოირჩეოდა.
,,კახეთში ერთ-ერთი უნიკალური სამკურნალო ადგილია და კარგი იქნება თუ ინვესტიცია ჩაიდება. ბავშვებისა და ახალგაზრდების გარდა, მკურნალობის კურსებს გადიოდნენ მოზრდილები და ხანდაზმულები. სანატორიუმის რეაბილიტაცია უნდა განხრციელდეს, ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი. ეს ყველაფერი კი, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს გოჩა კობაიძე.
სოფლის მკვიდრი 88 წლის ჯარჯი წიკლაური, რომელიც 23 წელია სანატორიუმის შენობას უსასყიდლოდ უვლის, იხსენებს, რომ არხილოსკალოს ტერიტორიაზე რუსეთის იმპერიის დროს კატორღა იყო განთავსებული. პატიმრების ექიმის მეუღლეს თირკმელები აწუხებდა. არხილოსკალოში გარკვეული პერიოდის ცხოვრების შემდეგ ქალბატონი გამოჯანმრთელდა. გარემოზე დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სანატორუმის ტერიტორიაზე, 500 მეტრის რადიუსში, მზის სხივებს სამკურნალო თვისებები გააჩნია. იმ პერიოდში მზის სხივებით ბევრი პატიმარი განიკურნა. კურორტის სამკურნალო თვისებების შესახებ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გახდა ცნობილი.
,,დამსვენებლები მოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან. მებ1993 წლიდან აქ ვარ და ვპატრონობ ამ ტერიტორიებს. აქ ვცხოვრობ, ღამეს ვათენებ. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, რომ აქაურობა ისევ აღორძინდეს “, –ამბობს ჯარჯი წიკლაური.
არხილოსკალოელების ინფორმაციით, სანატორიუმში ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული, სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტები კი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქირაობდნენ კერძო სახლებს, რაც ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.
ადგილობრივები სანატორიუმის რეაბოლიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის რესტავრაციისათვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას სთხოვენ.