mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ველისციხის სამაცივრე მეურნეობა ხილს სეზონურად ჩაიბარებს

ველისციხის სამაცივრე მეურნეობა ხილს სეზონურად ჩაიბარებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამაცივრე მეურნეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ადგილობრივი ფერმერებისაგან ჩაბარებულ ხილს სეზონურად დაახარისხებს და ჩაიბარებს.
საწარმოს დირექტორისა და დამფუძნებლის მარინა აკოლაშვილის განცხადებით, საწარმო თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი.
,,ატმისა და ვაშლატამის სეზონზე საწარმო 500-მდე ადგილობრივი ფერმერისგან ჩაბარებული კურკოვანი ხილის რეალიზაციას მოახდენს. მოსახლეობისაგან ხილს ყოველდღიურად ვიბარებთ. საწარმოში ამ დროისთვის ათი ადგილობრივი გვყავს დასაქმებული, თუმცა მეურნეობის გაფართოების შემდეგ მეტს დავასაქმებთ“, – განაცხადა მარინა აკოლაშვილმა.
საწარმოს მფლობელის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობას ერთჯერადად 250 ტონა ხილის მიღება-გადამუშავება შეუძლია. ფერმერი ქალბატონის განცხადებით, საწარმოში პროდუქციას გადარჩევის გარეშე იღებენ.
,,სეზონური სამუშაოების გარდა, ხურმის ჩირის დასამზადებლად საშრობის მოწყობას ვგეგმავთ. სამომავლოდ ვაპირებ, ფერმერებს ხეხილის სწორად მოვლის შესახებ სემინარები ჩავუტარო“ , – ამბობს აკოლაშვილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის გზაზე გასაყიდად გატანილი ხილი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ხილის ჩამბარებელ პუნქტში. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი საწარმოს ფუნქციონირება სოფლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაეხმარება.
სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი ფერმერი გიული მანიაშვილის ამბობს, რომ კილოგრამი ატმის ფასი 20-დან 35 თეთრამდე მერყეობს. მისი მტკიცებით, მოვაჭრეები მისგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ.
,,ატმის ერთ ყუთს 5 ლარად ვყიდი, ვაშლატამა კი ლპება. ხილის გადამამუშავებელ პუნქტში თუ ხილს სეზონურად ჩაიბარებენ, დიდი შვებაა ჩვენთვის’’, – აცხადებს გიული მანიაშვილი.
სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები თემში სამაცივრე მეურნეობების ფუნქციონირებას დადებითად აფასებენ. მათი განმარტებით, მალფუჭებადი ხილის შენახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, მსგავსი საწარმოს დახმარების გარეშე.
,,სოფელ ველისციხეში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში გარდა ტემპერატურისა, მიმდინარეობს ტენიანობის კონტროლი, რომელიც მნიშვნელოვანია ხეხილოვანი კულტურების შენახვისა და დარგის განვითარებისთვის“, – აცხადებს ექსპერტი ნიკოლოზ სულხანიშვილი.
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სოფელ ველისციხეში USAID/REAP–ის მხარდაჭერით გაიხსნა.