mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ვინა თქვა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო?

ვინა თქვა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო?

გამარჯობა მკითხველო!
 ძალიან გვიყვარს ქართველებს  ერთმანეთი და ჩვენი ლამაზი სამშობლო: თოვლიანი მთები, მწვანედ მობიბინე ველები, წყალუხვი მდინარეები, ტყეში მოჭიკჭიკე ფრინველები და მონავარდე ცხოველები !
ეს სუფრასთან...

ბუნებაზე და ადამიანებზე მზრუნველი ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ამბავი

ახლა კი გადმოვინაცვლოთ რეალობაში..
ვჭრით თუ არა ხეებს?-დიახ, ვხოცავთ თუ არა ცხოველებს? – უფრო მეტიც, ვაწამებთკიდეც. ვიჭერთ თუ არა თევზს აკრძალული მეთოდებით აკრძალულ დროს და ადგილას?-დიახ, რა თქმა უნდა! ვზრუნავთ ერთმანეთზე?-იშვიათად.
ანუ, რა გამოდის? ვამბობთ ერთს, ვაკეთებთ მეორეს? ვარღვევთ კანონს, არ ვუფრთხილდებით არც ბუნებას და არც ერთმანეთს. მწარე რეალობას თვალს რომ გავუსწორებთ მერე მივხვდებით, რომ ჩვენს გარშემო რაც არის, ყველაფერი ჩვენი დასაცავი, მოსავლელი და მოსაფრთხილებელია. ჩვენი ბუნება ის საგანძურია, რომელიც გვაძლევს სიცოცხლისთვის საჭირო რესურსს-წყალს, ჰაერს, საკვებს, ჩვენ კი დაუფიქრებლად ვანადგურებთ მას.
იცნობთ თუ არა თქვენ გარშემო ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანებსა და გარემოზე? მე კი, მაგრამ ძალიან ცოტას.
მინდა გაგაცნოთ ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც ჩუმად, უსიტყვოდ აკეთებს საქმეს, იცავს ბუნებას, ზრუნავს ადამიანებზე და თავისი ძალებით ცდილობს პრობლემების გადაჭრას.
ეს ზაქროა. პროფესიით რაგბის მწვრთნელი. ჰობი: ბუნების დაცვა და ფოტოგრაფია.
 
ძალიან კარგი ამბავია ის, რომ 2014 წლიდან რაბგის გაკვეთილებზე სიარული ყველასთვის უფასო გახდა, ბავშვებში სპორტის ეს სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაქროს მოსწავლეები უმაღლესი ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას. მთავრობა აფინანსებს მგზავრობას და კვებას. ზაქრო ამბობს, რომ პრობლემა სტადიონი და ხელფასია.   იმედოვნებს, რომ ეს საკითხებიც  მოგვარდება.
 
ის ერთდროულად 40 ბავშვის მწვრთნელი და მეგობარია. თელავსა და ნაფარეულში  6-14 წლამდე ბავშვებს ავარჯიშებს და ბუნების სიყვარულსაც ასწავლის. ზაქრომ თელავის პარკ ნადიკვარზე ფრინველების საკვებური გააკეთა. პროექტი ფონდი „ორბელიანი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კრეატიული იდეების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
 
 „აქ ჩვენ  ეკო კლუბის ბავშვებს, რაგბისტებს,  და მოსწავლეებს ვხვდებით ხოლმე, ვაცნობ თელავში მობინადრე, მობუდარ და მოზამთრე ფრინველებს. ფოტოებსაც ვაჩვენებ. ბავშვებს საკვებიც დავუტოვე რომ გამოეკვებათ ფრინველები. თვითონაც აპურებენ, თუმცა ახლა შევწყვიტეთ გამოკვება, რათა მწერზე ნადირობას არგადაეჩვიონ და ბარტყებსაც ასწავლონ საკვების მოპოვება. ახლა პურის ნატეხებსვნახულობ, ხალხი თვითნებურად უყრის საკვებს“- მიყვება ზაქრო.
 
ზაქრო ცდილობს ბრაკონიერობას საკუთარი ძალით ებრძოლოს, სხვადასხვა საიტზე ნახულობს ამათუიმ ფრინველისა და ცხოველის გაყიდვის შესახებ განცხადებას და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ატყობინებს. ერთხელ დაჭრილი მტაცებელი ფრინველი მიუყვანეს და ზოოპარკში წაიყვანა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დახმარებით.
ზაქროს უმდიდრესი ფოტოალბომი 20 000-ზე მეტ ბუნების ამსახველ ფოტოს ინახავს. იღებს ყველაფერს და ყველგან. ულამაზესი ფოტოები განთავსებულია საქართველოს ველური ბუნების ფეისბუქ ჯგუფში, სადაც 2500 მდე ბუნების მოყვარულია გაწევრიანებული.
 
ზაქროსთან ერთად ალაზნისკენ მივდივარ. მდინარის პირას მანქანას ვაჩერებთ.  ფოტოაპარატს იმარჯვებს, რომ ლამაზი კადრი გადაიღოს, მაგრამ ვინ აცდის ბუნებასთან კონტაქტს!
 
ბრაკონიერები თევზს არაკანონიერი მეთოდით,  მოსასმელი ბადით იჭერენ. ზაქრო მშვიდად უხსნის მათ, რომ ეს უკანონოა და მხოლოდ ანკესით შეუძლიათ თევზაობა. ამჯერადაც უჯერებენ და მიდიან. ის უკვე ხუმრობს თავის გარემოსდამცველის როლზე და ბრაკონიერებთან ურთიერთობაზე. ზაქრო მეუბნება, რომ ტირის თოფით ნადირობაც დანაშაულია. კანონი კრძალავს, მაგრამ რატომღაც არ აჯარიმებენ. ბავშვებმა კი უნდა იცოდნენ რომ ეს დანაშაულია. (!)
 
გზას შაქრიანისკენ ვაგრძელებთ.ზაქრო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს მაჩვენებს, სადაც მკვდარი ყვავია გაკრული ბოძზე. თურმე ამ მეთოდით აფრთხობენ სხვა ფრინველებს. მაგრამ ეს ხომ ძალადობის ერთგვარი ფორმაა, ამას ხომ ყველა გამვლელი ხედავს, მათ შორის ბავშვებიც.
ნაკვეთის მეპატრონეს ღრმად სწამს რომ მკვდარი ფრინველი პატარა ჩიტებს დააფრთხობს. იქნებ სხვა რამ ეცადა? თუნდაც ამრეკლავი დამაფრთხობელი?
იქვე წყაროსთან ვჩერდებით, სადაც თურმე ადრე არხში იყრებოდა შესაწამლად გამოყენებული ქიმიკატების ნარჩენები, პარკები და ყუთები. იქაურობა ნაგვის გროვად იყო ქცეული. წყალში ჩასული ქიმიკატი აბინძურებს ყველა იმ ნარგავს, რასაც ეს არხი რწყავს. ასეთი ქცევა აზიანებს არა მარტო ბუნებას, არამედ ჩვენ, ადამიანებს.
 
ამის შესახებ ზაქრომ ყვარლის მუნიციპალიტეტს ფეისბუქ გვერდზე მიწერა, მათ გამოყვეს ნაგვის ურნა და გაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია.
მაგრამ ახლა პრობლემა სხვა რამეშია: ურნა სავსეა, მოსახლეობამ რა ქნას, ნარჩენები ისევ გარშემოა მიმოფანტული. ისევ სიფხიზლეა საჭირო.
 
ვპირდები ზაქროს, რომ დავეხმარები და მოვდივართ უკან. ვინ თქვა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო?-ჩემთვის ვფიქრობ და სიამაყით მეღიმება.
 
ნაგვის თემა არ სრულდება, ზაქრო საუბარს ნაგვის მანქანაზე მომუშავე ადამიანებზე აგრძელებს, რომლებიც ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე მუშაობენ. ნაგავი კი ათასგვარი დაავადების კერაა. თურმე ტანსაცმელსაც კი თვითონ ირეცხავენ, შესაბამისად არავინ აკონტროლებს მათ ჰიგიენასა და ჯანმრთელობას.
ზაქრო კურდღელაურის ბოლო დასახლებაში სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე არსებულ სანაგვეს მაჩვენებს, სკამი ნაგვის გროვაში დგას, იქვე ბავშვები თამაშობენ. ერთერთი მოსახლე გვეუბნება, რომ სახანძროს გვერდზე არსებულ ხევს მოაქვს ეს ნაგავი და აქ გროვდება. მოვიწყინე.
 
ზაქრო ამბობს, რომ მისი საუბრის შემდეგ თუ ვინმე წესის დაცვაზე ფიქრობს, მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო, რადგანაც დამრღვევებს გარემოს დაცვაში მომუშავე ჰგონიათ,  ბრაკონიერების უმრავლესობამ იცის, რომ უკანონოდ იქცევა,  მაგრამ მაინც აშავებენ.(!)
 
დაღამდა. ზაქროს ვემშვიდობები იმ იმედით, რომ ხვალ უფრო მეტი ბავშვი გადააგდებს ტირის თოფს და აიღებს ბურთს, უფრო მეტი ბრაკონიერი შეინახავს იარაღს და დაუმეგობრდება ბუნებას, უფრო მეტი კეთილი და გარემოზე მზრუნველი ადამიანი გაგვახარებს კარგი საქმით.