mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის კონტრაქციაც გაიმართება

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის კონტრაქციაც გაიმართება

ორგანიზაცია აქტივისტებთან ერთად 2 საათზე ვარდების მოედნიდან მოაწყობს მსვლელობას. ორგანიზაციამ სპეციალური მიმართვის ტექსტი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
“15 ნოემბერს “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი” საშუალებას არ მისცემს მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ ორგანიზაციას და მის მომხრეებს, კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი, პროვოკაციული ტალღა ააგორონ და საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნან. შევიკრიბოთ 2 საათზე და წერტილი დავუსვათ „ნაცმოძრაობად” წოდებულ პირსისხლიან ხროვას. ჩვენ თვითონ აღვასრულოთ სამართლიანობა”, .- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს “ნაციონალური მოძრაობა” რუსთაველის გამზირზე გამართავს აქციას, ლოზუნგით – “დაიცავი საქართველო, მოითხოვე ევროპა”. კახეთიდან აქციაში 1500 მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, დღევანდელ აქციაზე მისული საზოგადოება გააპროტესტებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობას და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.
15 ნოემბერს დაგეგმილ ორივე აქციას ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება, არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ იმართება. საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ორივე მხარეს, თავი აარიდოს პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დღევანდელ აქციას საქართველოს პრემიერ – მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი აქცია ექსცესების გარეშე ჩაივლის.