გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებმა ანა ბუიანოვამ და დავით გუმბერიძემ თელავის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებს ინფორმაცია მიაწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობისა და სიმულაციური თამაშის სპეციფიკის შესახებ. დავით გუმბერიძის განცხადებით, გაეროს მოდელირების შესახებ სემინარი ახალგაზრდებს დახმარებას გაუწევს სიმულაციური თამაშის მომზადებაში. ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში,, (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. გაეროს მოდელირება მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული თამაშია. 1996 წლიდან საქართველოში გაეროს მოდელირება და სხვადასხვა მსგავსი სიმულაციური თამაში გაეროს ასოციაციის მიერ ტარდება და ორგანიზაციის ერთ-ერთ წამყვანი მიმართულებას წარმოადგენს. გაეროს მოდელირება რეგულარულად ტარდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის, სკოლის მოსწავლებისა და ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენელებისათვის.
გაეროს მოდელირების ორგანიზატორთა მიერ სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მონაწილეები პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ მრავალმხრივ დიპლომატიას და ამავე დროს გაერთონ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირების სესიები მოიცავს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის, და ეკონომიკური და სოციალური კომიტეტების სიმულაციას, რომლის პროცესშიც დელეგატებს შეუძლიათ თავი გამოსცადონ როგორც დიპლომატებმა, ორატორებმა, აწარმოონ მოლაპარაკებები, და გამოვიდნენ სიტყვით.