დედოფლისწყაროელი სპორტსმენი, სასაზღვრო პოლიციის ოფიცერი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არსენ ყარაგვეზაშვილი კიკბოქსინგში პროფესიონალური ქამრის მფლობელი გახდა.
მან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატზე K-1 წესებით, ირანელი მეტოქე ჰუსეინ ჰაბიბი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
არსენ ყარაგვეზაშვილი სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს N4 სამმართველოს საზღვრის დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტია. ის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ყარაგვეზაშვილი კიკბოქსინგსა და ხელჩართულ ორთაბრძოლებში მსოფლიოსა და საქართველოს ჩემპიონია. სპორტსმენს, ასევე, მოგებული აქვს კავკასიის თასი ტაიკვანდოში, შავი ზღვის ორი თასი კიკბოქსინგში და მრავალი საერთაშორისო ტურნირი.