mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ლიგა ჩამოყალიბდა

თელავში ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ლიგა ჩამოყალიბდა
თელავში თავისუფალი ახალგაზრდული გაერთიანება „ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ლიგა” ჩამოყალიბდა. 

პოლიტიკოსთა ლიგის შექმნის იდეა პაატა ბურჭულაძის პარტიის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ლიგას პრეზენტაცია დღეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერის, ნოდარ ეჟიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა პოლიტიკოსების თავისუფალი გაერთიანება არის ტრიბუნა საღი და მრავალფეროვანი აზრის გამოსათქმელად.
,,ლიგა არის ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა პოლიტიკოსების თავისუფალი გაერთიანება. წლევანდელმა საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახა, რომ საქართველო დგას ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე. არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გაუძლეს კრიტიკას და ვხედავთ, რომ იშლებიან. 
გაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის აუცილებლობა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ახალი სახეებითა და ლიდერებით. ვფიქრობ, ახალი ძალები უნდა წარმოადგენდნენ ახალ თაობას, რომელმაც მიიღო თანამედროვე, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება და მზადაა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად. 
ვიდრე კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ, აუცილებელია ახალი თაობის მობილიზება და მათთვის თანამედროვე პოლიტიკური განათლების მიცემა. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები სათანადოდ არ ზრუნავენ ახალგაზრდა პოლიტიკოსების პოლიტიკურ განათლებაზე, ისინი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ.
ჩვენ აქტიურად ვიმუშაობთ თელავში არსებულ აქტუალურ პოლიტიკურ და სხვადასხვა საკითხებზე. ასევე, ვაპირებთ შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. ვგეგმავთ, რეგიონში განვახორციელოთ სხვადასხვა ტიპის პროექტები, რაც მიმართული იქნება ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობაზე სხვადასხვა სფეროში’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ ეჟიშვილმა.