თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თელავი–ყვარლისა და თელავი–ახმეტის გაერთიანებულ საარჩევმო ოლქებში დეპუტატობის რეგისტრირებული კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა.
დებატებში მონაწილეობა თელავი-ახმეტის დეპუტატობის ორმა, ხოლო თელავი-ყვარლის მხოლოდ ერთმა კანდიდატმა მიიღო მონაწილება.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო არათანაბარ გარემოზე ისაუბრეს. ისინი ამბობენ, რომ კამპანიის წარმოების დროს მმართველი პარტიის კანდიდატები იმყოფებიან პრივილიგირებულ მდგომარეობაში, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გულისხმობს.
პოლიტიკური მოძრაობის ,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისათვის“ თელავი–ყვარლის დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე ირწმუნება, რომ სახელისუფლებო პარტიის დეპუტატობის კანდიდატებთან შედარებით ფინანსური რესურსი მკვეთრად აქვთ შეზღუდული.
ვანო გალახვარიძემ, ასევე, პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.
,,მინდა, დამთავრდეს პლაკატების, აგიტატორების და კოორდინატორების ომი. საარჩევნო გარემო არათანაბარია. ახლა ყვარელში რომ წახვიდეთ არცერთი ჩემი პლაკატი აღარ არსებობს, ან ჩამოხეულია ან შეღებილი. ასევე ხელშეშლის ფაქტია ის, რომ თელავში არ არსებობს ბილბორდი, სადაც ჩემი სააგიტაციო მასალის განთავსება შემეძლებოდა, რადგან არ მოგვცეს ადგილი. ეს ვისაც უნდა ჩათვალოს ხელისშეშლად აგიტაციაში,ზეწოლად ან მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, ფაქტი კი სახეზეა. რამდენიმე აგიტატორზე იყო ზეწოლის ფაქტებიც, მათ ეუბნებოდნენ, რომ ჩვენთვის თავი დაენებებინათ, თუმცა ვერ ვისაუბრებ, ეს ხელისუფლების შეკვეთა იყო თუ არა. ჩვენ არ ვართ სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში, შეზღუდული გვაქვს რესურსი, რადგან ,,ქართუ ბანკი’’ არ გვაძლევს იაფიან სესხს, რაც ძალიან ცუდია‘’,– განუცხადა Knews.ge-ს ვანო გალახვარიძემ.
წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს ,,თავისუფალი დემოკრატების“ თელავი–ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კვირიკაშვილიც. მისი მტკიცებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სამუშაო საათებში, აქტიურად არიან ჩართულები საჯარო მოხელეები და ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულებში შექმნილ აიპიებში დასაქმებული ადამიანები, რაც, კვირიკაშვილის შეფასებით, საფრთხეს უქმნის საარჩევნო კამპანიის სამართლიან გარემოში წარმართვას.
,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ხდება ჩვენი არათანაბარ პირობებში ჩაყენება სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც არ ერიდებიან თუნდაც ბინძურ მეთოდებს, მაგალითად, პლაკატების ჩამოხევას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ სათქმელი ამომრჩევლამდე მივიტანოთ და ვფიქრობ ამომრჩეველი აირჩევს უკეთესს ‘’,–აღნიშნა ოთარ კვირიკაშვილმა.
სააგიტაციო მასალების მასობრივ დაზიანებაზე მიუთითებს საარჩევნო ბლოკი ,,გოგი თოფაძე–მრეწველები, ჩემი სამშობლოს“ თელავი–ყვარლის მაჟირიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ბეჯანოვიც. ის აცხადებს, რომ სოფლებში მისი პლაკატები ჩამოხევის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო.
,,მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ამომრჩევლის ინფორმირებას, რომ გაეცნონ პარტიის და კანდიდატის ხედვებს და გეგმებს. საარჩევნო გარემო მშვიდი და ნორმალურია, დავდივარ ვმართავ წინასაარჩევნო შეხვედრებს და არ ვიცი ვისთვის როგორ არის, მაგრამ ხელს არავინ მიშლის. ადგილი ჰქონდა მხოლოდ პლაკატების ჩამოხევას და რამდენჯერაც ჩამოხევენ იმდენჯერ გავაკრავთ ჩვენც.’’
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიაცენტრი კახეთის“ ხელმძღვანელი, მაია მამულაშვილი აღნიშნავს, რომ შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ დეპუტატობის კანდუდატების მიერ დასახელებული ფაქტებით. მამულაშვილმი კანდიდატების საჯარო დებატების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
დებატები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ მიერ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში მოქალაქეების, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ქალების ინფორმირების ხელშეწყობას.
სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.