mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებზე იმსჯელეს

თელავში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებზე იმსჯელეს
თელავში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საინფორმაციო შეხვედრა კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის, ფერმერებისა და აგრო სექტორით დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა. 

შეხვედრაზე დამსწრეებს ის რეგულაციები გააცნეს, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით უნდა შესრულდეს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძის განცხადებით, სემინარი მიზნად ისახავდა ქართველ მწარმოებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მოსალოდნელი ცვლილებები სურსათის ჰიგიენისა და ეტიკეტირების სფეროში, ასევე ევროკავშირის მოთხოვნები და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის:
,,ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება. ვთანამშრომლობთ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოსთან, ვანხორციელებთ ისეთ პროექტებს, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირებს ვაცნობთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს საქართველოსთვის განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ. მას შემდეგ, რაც ეს მიმართულება ამოქმედდა, 35%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, მაშინ როდესაც რეგიონში არსებული კრიზისის გამო, რიგ ქვეყნებში საკმაოდ შემცირდა. ეს არის სტაბილურ ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესი, რომელიც იქნება ყოველთვის წარმატებული. შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ამ მიმართულებით ადგილობრივ მეწარმეებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს,’’- განუცხადა Knews.ge-ს დავით ბაქრაძემ.
სემინარს ადგილობრივი თვითმმართველობების და კოოპერატივების წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანის, ზვიად ჭუმბურიძეს თქმით, აგრო სექტორით დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების გაცნობა, რომელიც არსებობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით.
,,ჩვენ გვყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ამ ტიპის სემინარებსა და შეხვედრებში, აწვდიან მათ ინფორმაციას ევროპის ბაზართან დაკავშირებით. თელავში ექსპერტმა ლია თოდუამ ფერმერებს ესაუბრა სურსათის უვნებლობის შესახებ საკითხებზე და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ზვიად ჭუმბურიძემ.
შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭომ (EUGBC) ევროკავშირის პროექტის ,,ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შეთანხმების / DCFTA-ს პერსპექტივები’’ ფარგლებში გამართა.