mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში ეკო-ფემინისტური კამპანიის პირველი ეტაპი დასრულდა

თელავში ეკო-ფემინისტური კამპანიის პირველი ეტაპი დასრულდა

თელავის N1 საჯარო სკოლის ეკო–კლუბის და ეკო–აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ განხორციელებული კამპანიის “ქალებიამბობენ“ პირველი ეტაპი დასრულდა.
როგორც კამპანიის კოორდინატორმა, გიორგი ორკოდაშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, კამპანიის მიზანს ქალების გააქტიურება, მათთვის პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და მის მოსაგვარებლად შესაბამის სამსახურებამდე მიტანა წარმოადგენდა. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 200–ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.
,,კამპანიის მიზანია ქალების გააქტიურება და ჩართვა გარემოსდაცვით საკითხებში, ასევე მათი საჭიროებების გამოვლენა და მოსაგვარებლად სათანადო სამსახურებამდე მიტანა. ამ კამპანიამ და კვლევის შედეგებმა ჩვენ მოგცა საშუალება, განგვესაზღვრა პრობლემები, რომლებზეც წელს ვიმუშავებთ, მათ შორის მნიშვნელოვანია ნარჩენების შეგროვების სხვა სისტემების დანერგვა ქალაქში. კვლევამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ასევე ვიმუშავოთ სოფლად მცხოვრებ ქალებთან, რადგან მათ გარემოსდაცვითი კუთხით სოფლებში არსებულ პრობლემებთან უშუალო შეხება აქვთ. კამპანიაში ჩართვნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე სმენადაქვეითებული ქალები. ერთი თვეა აღნიშნულ კამპანიას ვახორციელებთ, პირველი ეტაპი უკვე დავასრულეთ. მეორე ეტაპზე ვგეგმავთ მუშაობის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას’’, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ორკოდაშვილმა.