mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში „მედიაკაფეს“ გადარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თელავში „მედიაკაფეს“ გადარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართა


მედიაკაფეს გადარჩენის მოთხოვნით თელავში რეგიონული მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დაუსაბუთებელია ადგილობრივი ხელისუფლების განმარტება, თითქოს სარდაფი, სადაც მედია კაფე 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, სამხატვრო სკოლას სჭირდება ეფექტური მუშაობისთვის და ამიტომ ხდება მედიაკაფეს გაძევება.
„მედიაკაფეს“ დამფუძნებელმა, გაზეთ „კახეთის ხმის“ ხელმძღვანელმა, მაია მამულაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას სადაო საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკითხი შეისწავლონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს „მედიაკაფეს“ არსებობაში და მეორე მხრივ, სამხატვრო სკოლას ექნება საშუალება, რომ ისარგებლოს ჩვენი რესურსით“,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.
მისივე თქმით, თელავის მერია იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად სამხატვრო სკოლაში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს. მაია მამულაშვილის ინფორმაციით, შენობით კერძო პირები არიან დაინტერესებული და მისი გაყიდვა იგეგმება.
„ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ ორი მიზეზი დამისახელა. ერთი მიზეზი იყო, რომ სამხატვრო სკოლას ფართი არ ყოფნის. მეორე მიზეზი კი, რომ საფრანგეთის საელჩომ შენობაში რემონტი უნდა ჩაატაროს. დავუკავშირდი საფრანგეთის საელჩოს და მაქვს წერილი, რომ ოფიციალური შეთანხმება შენობის რეაბილიტაციაზე არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მედიაკაფეს გამოსვლის შემდეგ სამხატვრო სკოლასაც გამოიყვანენ ამ შენობიდან რებილიტაციის მოტივით, მაგრამ სინამდვილეში ეს შენობა გაიყიდება“, – აღნიშნა მაია მამულაშვილმა.
რეგიონული მედიის ხელმძღვანელი პირები თელავის მერის მოადგილეებს ლევან ლილუაშვილისა და ალექსანდრე საჩიშვილის შეხვდნენ. როგორც მერის მოადგილეებმა განაცხადეს, ისინი მედიაკაფეს იჯარასთან დაკავშირებულ საკითხს სიღრმისეულად არ იცნობენ, ქალაქის მერი და ვიცემერი კი საზღვარგარეთ იმყოფებიან. მათივე თქმით, საკითხის განხილვა მას შემდეგ განახლდება, რაც მივლინებაში მყოფი პლატონ კალმახელიძე და თენგიზ მთვარელიშვილი სამსახურში დაბრუნდებიან.
მედიაკაფე 2012 წელს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით დაარსდა და თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის სარდაფში ფუნქციონირებდა. დამფუძნებლებმა მიტოვებული და ნაგვით სავსე სარდაფი გაასუფთავეს, ფართი გაარემონტეს და იქ კაფე მოაწყვეს. ოთხი წლის განმავლობაში „მედიაკაფეში“ 500-მდე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
როგორც მაია მამულაშვილი აცხადებს, ის მზად არის დატოვოს სამხატვრო სკოლის შენობა იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატური ფართით დააკმაყოფილებენ.
წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი