mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლის შესახებ იმსჯელეს

თელავში საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლის შესახებ იმსჯელეს
აუდიტორულმა კომპანია UHY-ABG Consulting-მა რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. 

ქვეყნის საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებმა თელავში გამართეს შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა კომპანიის და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო მოგების გადასახადის ახალ, ესტონურ მოდელთან დაკავშირებით ადგილობრივი კომპანიების დეტალური ინფორმირება.
,,ვისაუბრეთ ცვლილებების არსზე, მოგების გადასახადის ახალი მოდელის ამოქმედების შედეგად გამოწვეულ სირთულეებსა და მათი გადაჭრის გზებზე. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, რათა საფინანსო სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ,”- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან არჩაიამ.
რეფორმა, რომლის ინიციატივაც პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, გულისხმობს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვას საქართველოში. რეფორმის მიხედვით, მოგების გადასახადი მთლიანად გაუქმდება გაუნაწილებელ მოგებაზე და საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ის თანხა, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებელი გაიტანს დივიდენდის სახით კომპანიიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ რეინვესტირებული მოგება არ დაიბეგრება მოგების გადასახადით.
ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული რეფორმის შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო გაიოლდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება და, შესაბამისად, კრიზისულ პერიოდებში იქნება უფრო მდგრადი, რაც მთლიანობაში ეკონომიკისთვის ძალიან კარგი იქნება.