mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თუში ფერმერი თხის ყველის წარმოებას გეგმავს

თუში ფერმერი თხის ყველის წარმოებას გეგმავს

თუშმა ფერმერმა თხის ფერმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ერთი წლის წინ საკუთარი სახსრებით გახსნა.
გოგი ელანიძეს ამჟამად ჰყავს 40 სული ადგილობრივი და 5 სული ავსტრიული ,,ზაანენის“ ჯიშის თხა, რომელიც თანამოაზრესთან ერთად სოფელში გასამრავლებლად გასული წლის გაზაფხულზე ჩამოიყვანა. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივი ჯიშის თხები დღეში 1 ლიტრ რძეს იწველებიან, მაშინ როცა შვეიცარიული ჯიშის თხები დღეში 4-6-ჯერ მეტი რაოდენობის პროდუქციას იძლევიან. ფერმერი ქართული სახეობის თხებს აჯვარებს უცხოურთან, რაც მისი აზრით, ადგილობრივ ჯიშს გააუმჯობესებს. ის ვარაუდობს, რომ 3-4 წელიწადში, ფერმაში, ავსტრული თხები კიდევ უფრო გამრავლდება.
,,ეს წამოწყება გრძელვადიანია და გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს ისეთ შედეგს, როგორც ჩანაფიქრში გვაქვს. ჩვენ ჯერ ერთი წელია დავიწყეთ ეს საქმე და ბევრი რამ გვჭირდება. რაც მთავარია დანაბებას არ ვაპირებთ, ამ ეტაპზე რძის გაყიდვიდან შემოსული თანხით ვახერხებთ მცირე ხარჯების დაფარვას და აქაურობას 2 ადამიანი ვუვლით. როგორც კი საშუალება მომეცემა, დამხმარეს ავიყვან. ამჟამად ფერმა იტევს 80 თხას თიკნებთან ერთად. ვეცადეთ, რომ ფერმა მოგვეწყო ისე, რომ თხები ყოფილიყვნენ ნორმალურ გარემოში“, – ამბობს გოგი ელანიძე.
ფერმერმა საკვებწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, მწვანე მასის უწყვეტი წარმოებისათვის, ჩინეთში შეიძინა ჰიდროპონიკის დანადგარი, რომელიც ხუთი კამერისაგან შედგება და ყოველდღიურად 100-120 კგ ჯეჯილის მიღებას უზრუნველყოფს. ჯეჯილს კი ფერმერი თხებისა და მსხვილფეხა რქოსანის ნამატის გამოსაკვებად იყენებს. გოგი ელანიძის განმარტებით, მისი შეძენა აუცილებელი საძოვრების სიმწირის გამო გახდა. ფერმერი აღნიშნავს, რომ დანადგარი 8.700 დოლარად შეიძინა. მისი მტკიცებით, საწარმოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იწარმოება.
,,თხის წველა რამდენიმე დღეა დავიწყეთ. თიკნები რომ მოიზრდებიან, დღეში მივიღებთ 60 ლიტრზე მეტ რძეს. ლიტრი თხის რძე 3 ლარად იყიდება. რძეს ჯერჯერობით ადგილზე ვყიდით, არ არის იმდენი, რომ გარეთ გავიტანოთ. თხის პროდუქტებსა და ხორცზე საქართველოში ჯერჯერობით მოთხოვნა მაღალი არ არის, თუმცა ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ერთადერთი ხორცია, რომელიც გამოირჩევა ქოლესტერინის ყველაზე დაბალი დონით. პროდუქციის სარგებლიანობაზე კი აღარ ვსაუბრობ“, – აღნიშნავს ფერმერი.
ელანიძე ყურადღებას ამახვილებს თხის რძისა და ყველის სამკურნალო თვისებებზე, რის გამოც პროდუქტზე მოთხოვნა მსოფლიოსა და საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამ ფაქტორის გამო გადაწყვიტია თუშმა მეწარმემ თხების მოშენება.
,,თხის ყველი არის დელიკატესი და ღირს ძალიან ძვირი. მაგალითად, ფრანგული დაძველებული 1 კგ. ყველი ღირს 50-60 ლარი. რაც შეეხება თვითონ თხების რეალიზებას, სავარაუდოდ, შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი. რამდენიმე მყიდველი უკვე არის, რადგან ესენი სუფთა ჯიშის თხები არიან. ვფქირობ, რომ ჩვენს ფერმას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს, ბევრი გეგმა გვაქვს და იმედია, შევძლებთ მათ განხორიცელებას“, – აცხადებს ელანიძე.
თუში ფერმერი ახლო მომავალში გეგმავს თხის სულადობის გაზრდას, ყველის მიკროსაწარმოს გახსნასა და აგროტურების მოწყობას, რისთვისაც საჭირო ფინანსური სახსრები ამ ეტაპზე არ გააჩნია.
,,მინდა, რომ აგრობაზარზე საკუთარი ნიშა დავიმკვიდროთ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებლებმა. ვფქირობთ, რომ თხის ყველის წარმოებამ და აგროტურებმა უნდა გაამართლოს. ტურების განვითარებისთვის კი საჭიროა აქამდე მოსასვლელი გზის მოწყობაც, რაც ჩემს ძალებს აღემატება“.
გოგი ელანიძე ახლო მომავალში წარმოების გაფართოების შემთხვევაში რამდენიმე ადგილობრივის დასაქმებას აპირებს. მეწარმე თანამოაზრესთან ერთად სოფელში აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავს. საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ფერმერს დაგეგმილი აქვს ალვანში ჩამოსულ ტურისტებს შესთავაზოს აგროტურები, რომლის ფარგლებშიც ისინი თხის მოწველისა და ყველის მომზადების პროცესს ადგილზე გაეცნობიან.