2017 წლიდან იანვრიდან, რეგიონში შესაძლოა, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდეს.
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა.
,,თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ორშაბათისთვის გვექნება სურათი, თუ რა სიტუაცია იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებაში. წინასწარ ვარაუდის დონეზე ვერ ვიტყვით, თუ როგორი იქნება სამომხმარებლო ტარიფები”, – განაცხადა შონიამ.
ექსპერტები ენერგოტარიფების 1,5-2 თეთრით გაძვირებას აანონსებენ.
,,ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ენერგოტარიფების ზრდა 2 თეთრამდე გარდაუვალია, რათა სისტემა არ დაინგრეს. გამანაწილებელ კომპანიებს, მათ შორის „კახეთის ენერგოდისტრიბუციას”, გაეზრდებათ შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება, რაც საბოლო ჯამში აისახება სამომხმარებლო ტარიფზე”, – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.
მოსახლეობა შიშობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის ტარიფი მოიმატებს, მაცხოვრებლების ნაწილი გადასახადის დაფარვას ვერ შეძლებს.
,,გარდა იმისა, რომ მოსახლეობა გადასახადს ვერ გადაიხდის, ელექტროენერგია ნორმალურად არ მოგვეწოდება. როგორც კი ნიავი ამოვარდება, დენი ითიშება, ბოძები ამორტიზებულია, გვეშინია, არ გადავარდეს. გაყვანილობა ძველია, შნურები დაბლა ყრია ხოლმე, მომხედიც არავინაა. გამოცვალონ ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, რომ სოფელს დენი ნორმალურად მოგვეწოდოს”, – განუცხადა knews.ge-ს რობერტ ქუზეშვილმა
შეგახსენებთ, რომ მიმდინდარე წლის დასაწყისში დენის ტარიფის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების შეწყვეტა გახდა. პირველი მარტიდან კახეთში ელექტროენერგია 4 თეთრით უკვე გაძვირდა.