სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის XIX საუკუნის თეატრი დანგრევის პირასაა. მაჩხაანელები ისტორიული თეატრის გადასარჩენად შენობის დაზიანებული სახურავის დროულად რეაბილიტაციაზე საუბრობენ.
ისინი ამბობენ, რომ დაწესებულებაში არსებული უძველესი ნივთების და ინვენტარის გადასარჩენად შენობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
მაჩხაანის მკვიდრი ნანა ყარალაშვილი, სოფელში არსებულ XIX საუკუნის თეატრს ყოველდღიურად უვლის. იგი, დაწესებულების ერთადერთი თანამშრომელია, რომელიც როგორც მენეჯერის, ისე დამლაგებლის მოვალეობას ასრულებს. უკვე წლებია, რაც ნანა შენობას ყოველდღე უვლის და იმ შემთხვევაში თუ ისტორიული თეატრის დასათვალიერებლად ქართველი ან უცხოელი ტურისტი მივიდა, გიდის მოვალეობასაც ასრულებს.
,,შენობა სოფლის მოსახლეობის შემოწირულობებით აშენდა და საზეიმოდ 1899 წელს გაისხნა. აქ ხშირად იმართებოდა სპექტაკლები და ხალხი მის სანახავად კახეთის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიოდა. დიდი ხანი გავიდა, რაც უძველეს სცენაზე სპექტაკლი აღარ დადგმულა. ახლა კი ნელნელა თეატრი პირვანდელი სახის დაბრუნებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ახმეტელის თეატრის დასმა წარმოადგინა ლიტერატურული სპეკტაკლი “მოძღვრის აღსარება’’, – ამბობს ნანა ყარალაშვილი.
თეატრის შენობა დაზიანებულია, ამორტიზებულია შენობის ჭერი და უძველესი სკამების დიდი ნაწილი. ისტორიულ თეატრს სათანადო აპარატურისა და განათების პრობლმაც. ნანა ყარალაშილი აცხადებს, რომ როდესაც თეატრში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მსახიობების სპექტაკლებს მართავენ, სათანადო აღჭურვილობა თავად ჩამოაქვთ. ღონისძიებების გამართვა ახალგაზრდებსაც სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ყარალაშვილი შექმნილი პრობლემების მოუგვარებლობას ფინანსური პრობლემებსა და საკუთარი ბიუჯეტის არქონას უკავშირებს.
,,შენობაში არ არის სველი წერტილები. საგრიმიორო ოთახებიში წვიმის დროს წყალი ჩამოდის. არ გვქონდა ელექტროგაყვანილობა, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოს სიმფონიეტის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან მიღებული შემოწირულობით ჩაისვა შუშები და მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა. თეატრს უნდა ჰქონდეს სათანადო განათება და აპარატურა, რომ სცენით ახალგაზრდებმაც ისარგებლონ. დიდი თეატრის მსახიობები რომ ჩამოვიდნენ, თვითონ ჩამოიტანეს აპარატურა’’,- აცხადებს ყარალაშვილი.
მაჩხაანში თეატრი სოფლის მკვიდრის, მწერალ დიმიტრი მაჩხაანელის თაოსნობით მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გაიხსნა და ის ერთ-ერთი პირველი კულტურული დაწესებულება იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ,,პირველ წარმოდგენას ქიზიყის რჩეული საზოგადოება დაესწრო, ,,ღარიბნი კი უფასოდ’’, – წერს იმდროინდელ პრესა, სადაც აღნიშნულია, რომ წარმოდგენიდან შემოვიდა ოც თუმნამდე თანხა, რომელსაც უნდა გაესტუმრებინა თეატრისთვის ახლად აგებული შენობის ვალი.
მაჩხაანის თეატრის შენობა სადა, მაგრამ მონომენტური ფორმებით წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობას. იგი ორსართულიანია და ქართული აგურით არის ნაგები. ორგანიზაცია ,,კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის’’ წარმომადგენელი დიანა კაკაშვილის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაჩხაანის თეატრის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. კაკაშვილი ამბობს, რომ ძველად თეატრში არსებული სცენა იყო მოძრავი, რომლის ანალოგი საქართველოში ნაკლებად მოიძებნებოდა. სცენა ამჟამად მოხსნილია და დღემდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ იცის. გარდა ამისა, დაწესებულებას აქვს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ორი უძველესი ფარდა, საიდანაც ერთზე ჰესებთან მდგომი ლენინია, ხოლო მეორეზე სოფელში მცხოვრები მხატვრის მიერ შესრულებული ტყის ფერწერული ტილოს გამოსახული. შენობა პირვანდელი სახით არის შემორცენილი.
,,ეს თეატრი არის უნიკალური მოვლენა XIX საუკუნის საქართველოსთვის და არა ქიზიყისთვის. ამაზე იმდროინდელი პრესაც თითქმის ყოველდღიურად წერდა. აქ იყო თავმოყრილი კახეთისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები: საავადმყოფო, სასწავლებელი, პირველი სავაჭრო დეპო, სავაჭრო და სახელოსნო დუქნები. აქედან გამომდინარე აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება იყო წლების წინ სოფელში და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ გადაწყვიტეს აქ აეშენებინათ თეატრი, მოსახლეობამ გამონახა საკუთარი იდეის განხორციელების გზები და მათი აქტიურობით აშენდა ეს შენობა. ამ თეატრის უნიკალურობას წარმოადგენს ის, რომ შენობა მთლიანად არის შემონახული თავდაპირველი სახით, ისეთი როგორიც იყო 1899 წელს. შემონახულია დეკორაციებიც.’’
დიანა კაკაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ,,კავკასიური სახლისა’’ და ,,სამოქალაქო ინიციატივის’’ აქტიურობით წელს მაჩხაანის თეატრში 2015 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. მისივე თქმით, მაჩხაანის თეატრის სცენაზე სპექტაკლის დადგმის სურვილი უცხოელებმაც გამოთქვეს. გერმანელმა მსახიობმა, მარეიკე ვენზელმა უკვე მონახულა თეატრი, სადაც პერფორმანსის გამართვას აპირებს.
,,პროექტი, რომლის ფარგლებშიც სპექტაკლი დაიდგა, განხორციელდა ,,კავკასიური სახლისა’’ და ახმეტელის თეატრის მხარდაჭერით. პროექტის განმახორციელებელი კი ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივაა’’. გარდა ამისა, გერმანელი რეჟისორი მარეიკე ვენზელი, შემოდგომაზე მაჩხაანის თეატრის სცენაზე პერფორმანსის გამართვას აპირებს, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც პროფესიონალი მსახიობები ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები.’’
მაჩხაანში ამბობენ, რომ სოფელში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის თეატრის ფუნქციონირება აუცილებელია. ადგილობრივები სოფელში გართობისა და დასვენების ადგილის არარსებობაზეც ჩივიან.
,,ერთ-ერთი სოფელი იყო სადაც განვითარებული იყო კულტურული ცხოვრება. მართალია სიღნაღი მაშინ რაიონი იყო, მაგრამ ძირითადი ცენტრი მაინც აქ იყო. 60-იან წლებამდე თეატრი მოქმედი იყო. მერე კი როცა უმუშევრობა იყო, ყველა თბილისში წავიდა, დავრჩით მარტო მოხუცები და გვინდოდა თუ არა თეატრსაც აღარ ექცეოდა ყურადღება და დაიკეტა’’,- აცხადებს მაჩხაანის მკვიდრი, ბესიკ შანშაშვილი.
მაჩხაანელები ახალგაზრდების სოფლიდან გადინებაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მიგრაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სოფელი გახდეს მნიშვნელოვანი კულტურული კერა, რომელსაც მათი შეფასებით, თეატრის ამოქმედება შეუწყობს ხელს.
,,ამხელა ისტორიის მქონე სოფელია და აქ თეატრმა ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს. გვინდა რომ მოქმედი იყოს, მაგრამ სულ დანგრეულია ყველაფერი. ვინმემ დიმიტრი მაჩხაანელის მიერ დაწყებული გზა უნდა გააგრძელოს. 3000 კაციდან 200 მოსახლეც აღარ დარჩა სოფელში და თეატრი ვის რაღად უნდა’’, – აცხადებს მაჩხაანელი შერმადინ ჯანყარაშვილი.
მაჩხაანის ისტორიული თეატრი კი დანგრევის პირასაა და სავალალო შედეგის თავიდან ადგილობრივები ხელისუფლებას შენობის სასწრაფო რეაბილიტაციას სთხოვენ.
„მულტიმედიური რეპორტაჟები სოფლებიდან “რუბრიკის მომზადებისათვის knews.ge რედაქციას მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.