mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

„კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია“

„კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია“
ორი ამბავი მინდა მოვყვე მოკლედ. ორივე ძველი და დავიწყებული. ისევე დავიწყებული და განდევნილი ჩვენი მეხსიერებიდან, როგორც სხვა უამრავი მსგავსი ისტორია.  ჩემთვის კი, ამ ამბების გაცნობა და აღმოჩენა დიდ მოტივაციად იქცა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წარსულის ცოდნა და გააზრება  ძალიან მნიშვნელოვანია.

იყო ასეთი კაცი, კოსტა ამირაჯიბი (1869-1948), სოფელი ავლევიდან (ქარელის მუნიციპალიტეტი). განათლება საზღვარგარეთ მიიღო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს  გადაწყვიტა ცოდნა და გამოცდილება თავის სოფელში გამოეყენებინა. დაბრუნდა და სოფლის განვითარების რთულ და გრძელ საქმეს შეუდგა. პირველ რიგში, მეურნეობის განახლებაზე ფიქრობდა; უნდოდა გლეხებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიები და სამეურნეო მიდგომები გაეცნო.  ბევრი წელი დასჭირდა მიზნის მისაღწევად; დაბრკოლებაც ბევრი შეხვდა. უწევდა შეჩერება,  გადაფასება და საქმის ხელახლა დაწყება. მაგრამ, იდეას, რომ სოფელს და მოსახლეობას ფეხზე დადგომაში და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დახმარებოდა _ არ უღალატა.                                        თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკიც შექმნა და სამეურნეო ამხანაგობაც დააფუძნა. ამხანაგობის მუშაობამ გლეხების შემოსავლები გაზარდა. მერე, კოსტა ამირეჯიბმა თავის სოფელში ქსენონი, სასოფლო-სამეურნეო სკოლა და სახელობო კურსებიც გახსნა; სწავლა ქართულად იყო, რაც იმ დროის საქართველოში იშვიათობას წარმოადგენდა. სამეურნეო სკოლას პანსიონიც ჭირდებაო და ისიც გაიხსნა:  200-მდე მოსწავლე ცხოვრობდა თურმე მთელი საქართველოდან; ამასობაში სახელოსნოებიც განვითარდა, შემოსავალი გაჩნდა და ეს შემოსავალი სოფლის განვითარების ახალ იდეებს ხმარდებოდა.  სამეურნეო და საგანმანათლებლო საქმეები მეტ-ნაკლებად რომ მოგვარდა, დღის წესრიგში მოსწავლეთა თავისუფალი დროის პრობლემა დადგა: გაიხსნა მუსიკალური წრე, შეიქმნა ავლევის სასოფლო-სამეურნეო სკოლის ორკესტრი, იმართებოდა კონცერტები, რამაც თითქმის მთელი სოფელი მიიზიდა და ჩართო სოფლის კულტურულ ცხოვრებაში; მოგვიანებით ეკრანზე დიაფილმებსაც უშვებდნენ, სკოლაში  თეატრალური სცენაც მოეწყო და დრამატული წრეც ამუშავდა …
„1915 წლისათვის ავლევი საჩვენებელ ევროპული ტიპის სოფელს წარმოადგენდა. სოფელში მოქმედებდა სასოფლო-სამეურნეო და საკრედიტო ამხანაგობა, კოოპერატივი, ელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა სკოლას, სახელოსნოებს, სახერხ და ხორბლის სალეწ მანქანებს, სოფელსა და წისქვილს. სამეურნეო ამხანაგობას მოწყობილი ჰქონდა მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, საცდელი მინდვრები ნათესებისათვის, ხეხილის ბაღი, საფუტკრე, ქიმიური ლაბორატორია, ცხენთსაშენი და ეტლების სადგური.“
წარმოგიდგენიათ ასეთი სოფელი? მე ძალიან მჭირს.
სოფელ ავლევისა და კოსტა ამირაჯიბის ამბავი ძალიან კარგად აქვს აღწერილი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს _ ირაკლი ხვადაგიანს, პუბლიკაციაში „ინიციატივა ცვლილებისათვის _ თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართელოში საბჭოთა ოკუპაციამდე“ (2015, 2016).
ასეთი მაგალითი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში არაერთი იყო. მე ამირაჯიბის მაგალითი განსაკუთრებით მიყვარს და კიდევ _ ისაია ფურცელაძისა და სოფელი მერეთის. (ეს ისტორიაც იმავე კრებულშია შესული).
სოფელი მერეთი დღეს კონფლიქტის ზონაშია, ე. წ. გამყოფ ხაზთან და ბევრი პრობლემა აქვს. 2015 წელს ინტერვიუების ჩასაწერად ვიყავით და დარდი გამომყვა. თბილისიდან მაინც ძალიან ძნელი დასანახი და შესაფასებელია ამ სოფლების დღევანდელი მდგომარეობა.
ისაია ფურცელაძემ  (1851-1924) –  აგრონომიული  განათლება საფრანგეთში მიიღო; მერე  საქართველოში დაბრუნდა, ჩამოიტანა ხეხილის ახალი ჯიშები და ნამყენები; თავის სოფელში, მამა-პაპისეულ კარმიდამოში ხეხილის ბაღების გაშენება დაიწყო. იმდროინდელ პრესაში შემონახულია ინფორმაცია ისაიას ხეხილის ბაღებზე, სანერგე მეურნეობასა და სამეურნეო სკოლაზე.  „პატარა ლიახვის ხეობაზე ისაია ფურცელაძის ბაღი ყველას გაუგონია. მართლაც შესანიშნავია ოცდაათზე მეტი დღიური საუკეთესო ვაშლით, მსხლით და ატმით არის სავსე. ამოდენა ხეხილის ბაღს ძნელად შეხვდებით ქართლში.“  (ჟურნალი „მოსავალი“, # 6, 1910 წ.).
სოფლის მაცხოვრებლები თავდაპირველად თურმე ეჭვის თვალით უყურებდნენ ისაიას წამოწყებას და სიახლის დანერგვის მცდელობას. თუმცა ნელ-ნელა ნდობით განეწყვნენ, ალღო აუღეს ბაზრის მოთხოვნას და ყველას „გრანიცის“ ვაშლის გაშენება მოუნდა. „თუ შეამჩნევდა რომელიმე გლეხს მებაღეობის ინტერესს, ნერგებს ჩუქნიდა. ერთ დილას მისი ერთგული მოჯამაგირე ვანო ბაიაძე აღშფოთებული შევიდა და მოახსენა: ჩვენი სანერგედან ნერგები მოუპარავთო. ამის გაგონებაზე ისაიას სახე განათებია, სიხარული ვერ დაუმალავს და კარგა ხანს ხმამაღლა უცინია, ძალიან გამახარე ჩემო ვანო, მერეთელები ფხიზლდებიან, ჩემს შრომას ნაყოფი გამოაქვს, წაიღონ, ოღონდ წაიღონ, დაამყნონ და გაახარონო“ _ ასე იგონებენ დღესაც სოფელში საუკუნის წინანდელ ამბებს.

თურმე, მის სახელს უკავშირდება ისეთი ახალი ჯიშების გამოყვანა,  რომელთა მოშენებაც დღესაც გრძელდება არა მარტო სოფელ მერეთში; ხეხილის ბაღში 200-მდე ჯიში ჰქონდა დარგული: „ჟოზეფინა დე-მალინ, მადამ დიუპუი, შარლ კონიე, ბერგამოტ ესპერინა _ ამ ჯიშის მსხლებმა წელს პირველად დაისხეს ბ-ნ ისაია ფურცელაძის ხეხილის ბაღში. პირველი ამ ჯურთაგანი ბ-ნმა ფურცელაძემ შემოიტანა „მოსავალი“-ს რედაქციაში საჩვენებლად. შემოდგომაზე, როცა იკრიფება ამ ჯიშის მსხალი, ჯერ ისევ თურმე მკვახეა და არც გემო, არც სურნელოვანება არა აქვს. მაგრამ იანვრისათვის მშვენივრად მწიფდება და საგანგებოდ გემრიელდება. დამწიფებული ჟოზეფინა დე-მალინ თურმე ორ თვეზე მეტ ხანს სძლებს ისე, რომ არავითარი ხინჯი არ ეძლევა. ამ წელსვე პირველად მოისხეს ფურცელაძის ბაღში ვაშლებმა ბანანმა, ლანზბერგის რენეტმა, ვაგნერის რენეტმა, ედელბემერმა (ტიროლისა).“ წერს იმდროინდელი სამეურნეო ჟურნალი „მოსავალი“ 1912 წელს. ვაშლის სხვადასხვა ჯიშის დამყნობით კი „მერეთულა“ გამოუყვანია.

წარმოვიდგენ ქართლის სოფელში სხვადასხვა ჯიშის ვაშლის ბაღებს, როგორ ფუსფუსებს ამ ბაღებში ისაია ფურცელაძე, წვალობს, მუშაობს და სხვებსაც ასწავლის, უზიარებს. წარმოვიდგენ და გული სითბოთი მევსება. მეც მინდება იქ ყოფნა, დახმარება, დაკვირვება და პატარა შედეგებით გამოწვეული სიხარულების გაზიარება.
მიყვარს ამ ამბების კითხვა, იმიტომ, რომ იმედით და სიხარულით მავსებს. სინანულითაც, რომ ეს გამოცდილება დავიწყებას მიეცა და დღეს ყველაფრის სწავლა და „ველოსიპედის გამოგონება“ თავიდან გვიწევს.
საერთოდაც, მჯერა პატარა ინიციატივების და ნაბიჯების: ხშირად მათ ზრდის და მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივა აქვთ. სოფლის განვითარებასაც _ მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება: სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული მიდგომების თანხვედრა. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ერთი-მეორეს მოიცავს, მოითხოვს და გულისხმობს და ყველაფერი მნიშვნელოვანია. საუკუნის წინანდელი, სოფელ ავლევის მაგალითიც ამგვარი კომპლექსური ხედვის და მიდგომის დასტური არ არის?
თავიდან კი ყველაფერი მაინც ინიციატივით, პირველი ნაბიჯით იწყება. ერთი ადამიანის თუ მცირე ჯგუფის მონდომებით და სურვილით _ შეცვალოს გარემო უკეთესობისაკენ. დღესაც ასეა: ცალკეული ადამიანები და პატარა ჯგუფები სოფლებში, ქალაქებში სხვადასხვა პრობლემის გარშემო ერთიანდებიან, იწყებენ მოქმედებას და თუ თავიდან ვითარება (საკმაოდ ხშირადაც) ძალიან უიმედო ჩანს, დრო გადის და თურმე შედეგები ნელა, მაგრამ მაინც დგება.
კარგი იქნებოდა უფრო მეტი იწერებოდეს დღევანდელ ამბებზე: ადამიანებზე და ჯგუფებზე _ რომლებიც განსაკუთრებით სოფლებში – უძრაობას ებრძვიან. მედიაც მეტად რომ ინტერესდებოდეს ამ პოზიტიური გამოცდილების გაზიარებით, უფრო მეტი გაიგებდა და დაიჯერებდა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვანია და რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია დიდი და სასარგებლო ცვლილებების დაწყება, თან სულ პატარა ნაბიჯებით.