mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კახეთის სამოქალაქო სექტორის მიმართვა

კახეთის სამოქალაქო სექტორის მიმართვა

 

ახეთის  რეგიონული, სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ.

 

„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც მთლიანად იზიარებს რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას.

 

მოგიწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს, ასევე მოგიწოდებთ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლოთ რუსული, ანტიქართული, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.

 

რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 

პარლამენტში ამჟამად განსახილველი კანონი   მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში, დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს,  ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ადამიანებს.

სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას.  ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა.

კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად არაერთი სასარგებლო ინიციატივა განახორციელეს ჩვენი საზოგადოების გასაძლიერებლად, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ყველა ერთად, ვემსახურებით ქართველი ხალხის უკეთეს მომავალს.

საამაყოა, რომ ერთობლივი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად არაერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ: ახალგაზრდამ, შშმ პირმა, ქალებმა თუ ფერმერმა  გაიუმჯობესა საკუთარი უნარები. შესაძლებლობები, თუმცა ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება შეაჩერებს წინსვლას და განვითარებას!

 

იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც, თავის მხრივ, გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი.

ქართული საზოგადოების მისწრაფება ყოველთვის იყო და არის დასავლური ფასეულობები, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.  რუსული კანონი კი ამ ყველაფერთან შეუთავსებელია!

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის  საერთო ინტერესიდან გამომდინარე, პარტიულ გადაწყვეტილებებზე უპირატესად დააყენებთ ფართო საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას და მხარს არ დაუჭერთ რუსულ კანონს.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”

 

იმართვის ხელმომწერები არიან:

 

მედია ცენტრი კახეთი – MCK – მაია მამულაშვილი

შშმ პირთა მშობელთა კავშირი ლამპარი – ნინო მაისურაძე

ყვარლის ევროკლუბი / ევრო-ატლანტიკური ცენტრი – ნიკა გურინი

რეგიონის განვითარების ცენტრი – ლიზი სოფრომაძე

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (თელავი, საგარეჯო)  – თამარ მოდებაძე, ქეთევან სიბაშვილი

ასოციაცია “სოციალური ქოლგა” –  ნათია მექვაბაური

საიას  თელავის  ოფისი – მარეხ  მგალობლიშვილი

მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დია” – დიანა ხაზარაძე

კვლევისა და განვითარების ფონდი – გიორგი თავბერიძე

ააიპ მოვუსმინოთ სამყაროს – მაია ხუციშვილი

სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი” თემი ქედელი – ლალი ხანდოლიშვილი

ლაგოდეხის ლაგი – გიორგი ბოკერია

ადამიანის  უფლებათა ცენტრის  კახეთის ოფისი – ლია ხუროშვილი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის
რეგიონული ოფისი – ნანა დევიძე

,საქართველოს უდიები”  – ალექსანდრე ქავთარაძე

 

ხელმოწერები გრძელდება …