mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კახეთში ამერიკული ჩენდლერის კაკლის ბაღები შენდება

კახეთში ამერიკული ჩენდლერის კაკლის ბაღები შენდება


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მიმდებარე ტერი­ტორიაზე ჩენდლერის ჯიშის კაკლის ბაღი გააშენეს. ამერიკული ჯიშის მრავალწლოვანი კულტურა მაღალმო­სავლიანობით ხასიათდება და ერთ ჰე­ქტარ მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 2-3 ტონა კაკლის მოკრეფაა შესაძლებელი.
ბაღის მეპატრონე თბილისში მცხოვრები სამი პირია, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. გიორგი მესხიძეს ჩენდლერის ჯიშის ბაღის გაშენების იდეა პროფესიით აგრონომმა მეგობარმა მიაწოდა. მესხიძემ შეღავათიანი აგროკრე­დიტის ფარგლებში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის სესხი ბანკიდან გამოიტანა და საკუთრებაში არსებულ 40 ჰექტარ მიწის ფართო­ბზე თურქეთიდან შემოტანილი 9500 ნერგი დარგო. გიორგი პირველ მო­სავალს 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ელოდება და იმედოვნებს, რომ ერთ ჰექტარზე მინიმუმ 3-4 ტონა კაკალს მოკრეფს.
„ჩენდლერის ჯიშის კაკალი გამოირ­ჩევა მაღალმოსავლიანობით, ასევე, შესაძლებელია, რომ ხეებს შორის დაშორება შემცირდეს და გაშენდეს ინტენსიური ბაღი, რაც ჰექტრულ მო­სავალს შესაბამისად ზრდის“, – ამბობს გიორგი მესხიძე.
ჩენდლერის ჯიშის კაკლის ბიზ­ნესის წამოწყების იდეა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მესხიძის განმარტებით, სოფლის მეურნეობის დარგის ამ მიმართულებაში ინვეს­ტიციის განხორციელების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მსოფლიო ბაზარზე ამერიკულ მრავალწლოვან კულტურაზე მზარდი მოთხოვნა აღ­მოჩნდა. კაკლის ამ სახეობის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი თვისება კი ის არის, რომ საჭიროების შემთხვე­ვაში მისი შენახვა მინიმუმ 1 წლითაა შესაძლებელი.
„კაკალი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი და, არასტაბილური გარე­მოდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია. კაკალი მედეგიცაა. სეტყვის შემთხვევაში სხვა კულტურებთან შედარებით გამძლეა და ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე ხეხილს, ვენახს ან ნებისმიერ სხვა კულტურას. გარდა ამისა, მსოფლიოში ამ პროდუქტზე მზარდი მოთხოვნაა და მსოფლიო ბაზარს ვერ აკმაყო­ფილებს კაკლის ის რაოდენობა, რაც დღესდღეობით იწარმოება. აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესგათვლა იყო და გადავწყვიტეთ ამ ჯიშის გაშენება“, – განმარტავს ფერმერი.
კალიფორნიის დევისის უნივერ­სიტეტში გამოყვანილ კაკლის ბაღში დაახლოებით 30 ადგილობრივი ფერმერია დასაქმებული.
სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ელგუჯა კობიაშვილმა ყოველთვიუ­რი შემოსავლის გარდა ამერიკული კაკლის მოყვანის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა შეიძინა. საკმა­რისი ფინანსური სახსრების მოძიების შემთხვევაში ადგილობრივ ფერმერს საკუთარ მიწის ნაკვეთში თავადაც სურს ჩენდლერის მრავალწლოვანი კულტურის გაშენება.
„ასეთი რაღაც ხალხის დასაქმე­ბისათვის რომ კეთდება, კარგია. თი­თოეულ ოპერაციას ორი სამი კვირა ვუნდებით და ამ ნაკვეთის დამუშავება­ზე 30 ადამიანი მუშაობს. ადვილი მო­სავლელი არ არის. კაკლის დარგვიდან მოსავლის მიღებამდე მოვლა უნდა. კაკალი იწამლება, ითოხნება, ირწყვება, ისხვლება. ყველა ოპერაცია სჭირდება. თუ ჩენდლერის კაკლის საკუთარ ნაკვეთში გაშენებას მოვიფიქრებ, ეს აღარ გამიჭირდება, რადგან აქ უკვე პრაქტიკა და ცოდნა მივიღე“, – ამბობს ელგუჯა კობიაშვილი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩენ­დლერი საქართველოსთვის ინოვა­ციური ჯიშია და მის მოვლას, მონ­დომების გარდა, სწავლაც სჭირდება. დარგის სპეციალისტები, მსოფლიო ბაზარზე ამერიკული კაკლის მზარ­დი მოთხოვნის გამო, სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ სოფლის მეურ­ნეობის ამ დარგის განვითარება მთა­ვარი პრიორიტეტების ჩამონათვალში შეიტანოს. „კახეთის რეგიონი მიე­კუთვნება ისეთ ტერიტორიას, სადაც შესაბამისი აგროტექნიკის პირობებში კაკლის კარგი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი. თუ სახელმწიფო ამ დარგის მიმართულებით გარკვეული სახის ინვესტიციას განახორციელებს და პროდუქციის გაყიდვის ბაზარსაც მოიძიებს, ჩვენს რეგიონში ამ დარგის განვითარებას სერიოზული პოტენ­ციალი გააჩნია“, – აცხადებს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში ნიკოლოზ სულხანიშვილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამ­ბობენ, რომ მრავალწლიანი კულ­ტურების და მათ შორის ჩენდლერის კაკლის ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარე­ბის გაწევას სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარებს მიზნობრივი ფუ­ლადი დახმარება გამოეყოფათ თანა­დაფინანსების სახით, როგორც მრა­ვალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწ­ყობის მიზნით. ერთი ბენეფიციარის სახელზე გაცემული მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს. გიორგი მესხიძე წამოწყე­ბული ბიზნესის გაფართოებას გეგ­მავს და 80 ჰექტარზე კიდევ აპირებს კაკლის ბაღის გაშენებას.