კახეთის რეგიონში სივრცითი ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის ფარგლებში ახალი გზების პროექტირება იწყება.
პროექტის მიზანია საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის მდგრად განვითარება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, 4 პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი მიმართულების თანახმად, სივრცითი მოწყობის ფარგლებში, არსებული საავტომობილო გზები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები და შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რითაც ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.
,,მომზადდა სივრცითი მოწყობის შემადგენელი მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი, ხოლო თბილისი-საგარეჯოსა და საგარეჯო-ბაკურციხის გზებისთვის დეტალური პროექტის დოკუმენტი. ამის შედეგად, გაიხსნა სამი კომპანიის ფინანსური წინადადება. თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის მიმართულებით 80 კილომეტრიანი, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40 კილომეტრიანი გზა აშენდება. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს,”- განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.