mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კახეთში შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს

კახეთში შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს
კახეთის რეგიონში შესაძლოა, ენერგოტარიფები გაძვირდეს. ექსპერტები ელექტროენერგიის 1,5-2 თეთრით გაძვირებას აანონსებენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ენერგოტარიფების ზრდა გარდაუვალია.
,,დღეს არსებული ტარიფი დაანგარიშებულია 2.30 იან კურსზე. ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. გამანაწილებელ კომპანიებს, მათ შორის „კახეთის ენერგოდისტრიბუციას”, გაეზრდებათ შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება, რაც საბოლო ჯამში აისახება სამომხმარებლო ტარიფზე. დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს სემეკში ტარიფების განხილვა და ვფიქრობ 2 თეთრამდე ტარიფის ზრდა გარდაუვალია, რომ სისტემა არ დაინგრეს” – აცხადებს ჩალაგაშვილი.
მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს გადავიდეს გრაფიკზე, რომ კომპანიებმა დაზოგონ შესყიდული ელექტროენერგია და ნაკლები წაგება მიიღონ. შეგახსენებთ, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს.
ადგილობრივების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის ტარიფი მოიმატებს, მოსახლეობის ნაწილი გადასახადის დაფარვას ვეღარ შეძლებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის მოსახლეობა განმარტავს, რომ სინათლის ბოძები და გაყვანილობა ათეულობით წლებს ითვლის.
,,გარდა იმისა, რომ მოსახლეობა გადასახადს ვერ გადაიხდის, ელექტროენერგია ნორმალურად არ მოგვეწოდება. როგორც კი ნიავი ამოვარდება, დენი ითიშება, ბოძები ამორტიზებულია, გვეშინია, არ გადავარდეს. გაყვანილობა ძველია, შნურები დაბლა ყრია ხოლმე, მომხედიც არავინაა. გამოცვალონ ამორტიზებული ინფრასტრუქტურა რომ სოფელს დენი ნორმალურად მოგვეწოდოს”, – განაცხადა knews.ge-სთან რობერტ ქუზეშვილმა.