სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ფერმერი თემურ მარგალიტაშვილი ფერმერულ საქმიანოას 15 წელია მისდევს. იგი აცხადებს, რომ დღეს რეგიონში ყველაზე გავრცელებული ღორის ჯიშებია მსხვილი თეთრი და ლანდრასი.
,,ჩვენთან რეგიონში ბოლო ათეული წელია რაც ქართული ჯიშის ღორებს იშვიათი ფერმერი ზრდის, რადგან თვლიან, რომ ის ნაკლებად მომგებიანია. მე, ამჯერად ბეკონისა და ლანდრასის ჯიშის ღორები და გოჭები მყავს. მათი შეძენა არ ჯდება იაფი, მაგრამ თანხის გადახდა ღირს, რადგან ისინი სხვა ჯიშებთან შედარებით მეხორცულობითა და ნაყოფიერების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. წაგებული არ დავრჩებით, როდესაც ისინი იზრდებიან 250 კილოგრამამდე იწონიან“, – აცხადებს კახეთის ხმასთან მარგალიტაშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრები მცირე მეწარმე გოგია ოტიაშვილი ქართული ჯიშის ღორებს აშენებს. მან ,,ელკანას’’ დახმარებით კახური ,,ჯაგარას’’ ჯიშის ღორების მოშენება დაიწყო და ლორის დასამზადებელი მცირე საწარმო გახსნა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ფერმის გაფართოვებას და საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებას ვერ ახერხებს.
,,კახური ჯიშის ღორის ხორცის ყიდვა ძალიან ძნელია მითუმეტეს როდესაც დიდ რაოდენობაზეა საუბარი. სამომავლოდ ვაპირებ, რომ კახური ჯიშის ღორები მოვაშენო, მისი ხორცი უფრო გემრიელია და ბაზარზე კიდევ მოთხოვნადი“, – განაცხადა ფერმერმა.
გოგია ოტიაშვილი კახური და სხვა ქართული ჯიშის ღორის ხორცისაგან ტრადიციული წესით 2 სახის შაშხს ამზადებს, როემლიც ადგილობრივ ბაზარზე 20 მაღაზიაში შეჰქონდა. თუმცა ღორის მოშენებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლორის ის რაოდენობა, რომელიც მაღაზიებში სარეალიზაციოდ ჰქონდა შეტანილი დანახარჯებს ვერ ფარავდა. სამომავლოდ მეწარმე ფერმაში საქონლის რაოდენობის გაზრდას საკუთრი სახსრებით აპირებს.
სოფლის მეურნეობის საკითხებში ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ხორცის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ ღორის ხორცზე მოდის. მათივე განცხადებით, მას შემდეგ რაც მეღორეობის სანაშენო ფერმები აღარ არსებობს, გაუარესდა ჯიშობრივი მაჩვენებლებიც.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს კახური ღორის გადარჩენის პროექტს, რომლის ფარგლებში მისი მოშენება და დაცვა იგეგმება.
,,მიმდინარეობს მოძიებული ჯიშების საკოლექციო-სადემონსტრაციო სანაშენე ფერმების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს: მოძიებული ტიპიური სულადობის სხვადასხვა დაავადებებზე გამოკვლევას (ინფექციური და ინვაზიური) გადარჩეული ეგზემპლიარების სელექციას, გამრავლებას (ხალასი მოშენების მეთოდი) და მათი პროდუქტიულობის სტანდარტების ამაღლებას“, – განაცხადეს კვლევით ცენტრში.