mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კულტურის გაზიარების კულტურა

კულტურის გაზიარების კულტურა
ნეტავ, არ გამოჩნდება ერთი მონდომებული მოხელე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს!  იფიქრებს, მოიძიებს თანამოაზრეებს, პარტნიორებს. თუ ვერაფერს გააკეთებს, იმსჯელებს მაინც, კრიტიკულ კითხვებს დასვამს: მაგ. რა ვუყოთ ამ ჩვენს ადგილობრივ სახლ-მუზეუმებს, კულტურის სახლებს? რა უნდა შეიცვალოს, რომ დამთვალიერებლის ნამდვილი დაინტერესება დაისახოს მიზნად და, სულ ცოტა, სოფლის მოსახლეობა მაინც მოიზიდოს? – წაიკითხეთ ანა მარგველაშვილის შთაბეჭდილებები დრეზდენიდან.

ერთი კვირაა გერმანიაში ვარ, მშვენიერ ქალაქ დრეზდენში (Henry Arnhold Dresden Summer School); „დრეზდენის საზაფხულო სკოლის“ წლევანდელი თემაა: პოლიტიკის ადგილები – კულტურის ინსტიტუტები საზოგადოებრივ დისკურსში. რამდენად პოლიტიკური შეიძლება იყოს კულტურის დაწესებულება? სად გადის ზღვარი? უნდა ზრუნავდნენ თუ არა კულტურის დაწესებულებები პოლიტიკური განათლების შეთავაზებაზე?
ძირითადი შეხვედრები მუზეუმებში ტარდება და ჩვენც ყოველდღე ვისმენთ სხვადასხვა დიდ-პატარა მუზეუმებისა და სამუზეუმო კვლევითი პროექტების  წარმომადგენელთა მოხსენებებს და ლექციებს მათ საქმიანობაზე.
ადამიანები,  ჯგუფები, ინსტიტუტები მუდმივად და ბევრს ფიქრობენ კულტურის პოლიტიკაზე, კვლევაზე, მეცნიერებაზე; იმაზე თუ როგორ გახადონ ხელმისაწვდომი  სხვა და სხვა  ჯგუფებისათვის საგანმანათლებლო პროგრამები, ზოგადად, კულტურა და არაფორმალური განათლება. მუდმივი მსჯელობა მიდის  იმ გლობალურ და კონკრეტულ გამოწვევებზე, კულტურის დაწესებულებათა წინაშე რომ დგას, მათი მუშაობის სუსტ მხარეებზე, საჭირო ცვლილებებზე;  მაგ. როგორ უნდა აისახოს დღეს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები მუზეუმის საქმიანობაში? მოკლედ, უამრავი შეკითხვა მოვისმინე. პასუხებს კულტურის ორგანიზაციები საზოგადოებასთან ერთად ეძებენ. თანამშრომლები მუდმივად ფიქრობენ საზოგადოებისათვის ახალი თემებისა და პროგრამების შეთავაზებაზე. აქ არავინაა პასიური, სხვების მომლოდინე მაყურებელი, მუზეუმებიც და სხვა ორგანიზაციებიც  ძალიან აქტიურები არიან. და ეს  ეხება ყველას, დიდსა თუ პატარა მუზეუმს…
იმ დღეს, დრეზდენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმში ალბერტინუმში წაგვიყვანეს: რუდოლფ ვაიგანგის კოლექციის სანახავად. ამ უზარმაზარი შენობის ერთ პატარა ოთახში სულ რამდენიმე ობიექტი (5-6 ნახატი და 3 ფაიფურის ნაკეთობა) დაგვხვდა გამოფენილი. ასევე ორიოდე საინფორმაციო დაფა –   რუდოლფ ვაიგანგისა და მისი ოჯახის, ასევე, კოლექციის ისტორიის ანუ მისი წარმომავლობის (შემოსულობის) კვლევის შესახებ. სანამ მუზეუმის თანამშრომელი კვლევის პროცესზე და  კოლექციის მნიშვნელობაზე დაიწყებდა ლაპარაკს, ვფიქრობდი: „რა სანახავია ახლა ეს გამოფენა? ან ეს კოლექციონერი ვინ არის და რითია მნიშვნელოვანი, ან ეს ნახატები? მხატვრების გვარები ხომ   ჩემმა გერმანელმა „თანასკოლელებმაც“ კი არ იციან?  დრეზდენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  მუზეუმში ამ 6 ნახატის სანახავად მოგვიყვანეს? რით დაიმსახურა კოლექციამ ცალკე სივრცე ალბერტინუმში? მართალია სულ პატარა, მაგრამ ცალკე სივრცე, თან საკმაოდ დიდი ხნით. რისი მოყოლა უნდათ? რისი გაზიარება, რისი ჩვენება?“
მერე, როცა თანამშრომელმა რუდოლფ ვაიგანგის კოლექციაზე და მისი წარმომავლობის კვლევაზე დაიწყო ლაპარაკი, მივხვდი, რომ აქ მთავარი გამოფენილი ნახატები კი არა, სწორედ კოლექციის ისტორიაა: კოლექციების წარმომავლობის კვლევა გერმანიის კულტურის დაწესებულებებში (მუზეუმები და ბიბლიოთეკები) საკმაოდ მნიშვნელოვანია. რადგან ნაცისტური გერმანიის და მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი ნახატი თუ მთლიანი კოლექცია არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ აღმოჩნდა საცავებში. ახლა სწორედ ამ წარმომავლობას იკვლევენ. ეს შემთხვევაა რუდოლფ ვაიგანგის კოლექციაც; ვაიგანგი 1945 წელს საბჭოთა არმიის შემოსვლის შიშით გერმანიიდან გაიქცა და სახლში მნიშვნელოვანი ქონება, ნახატები, ნაკეთობები დატოვა. მის სახლში საბჭოთა არმიამ კომენდატურა გახსნა და გარკვეული პერიოდის მერე კოლექცია (უცნობია სრულად თუ ნაწილობრივ) დრეზდენის ბიბლიოთეკას გადასცა.
არასტანდარტულად ინვენტირებული ობიექტების წარმომავლობის კვლევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს კვლევა მოიცავდა ცალკეული ნივთების მიკუთვნებას კოლექციისადმი და გარკვევას, რამდენად კეთილსინდისიერად მოხვდა ის მუზეუმის საცავში. და რამდენადაც ეს პატრონის ნებით არ მომხდარა, მუზეუმის თანამშრომლები ვაიგანგის შთამომავლებსაც დაუკავშირდნენ და დიდხანს განიხილავდნენ კოლექციის დაბრუნებისა თუ მუზეუმში დატოვების საკითხებს.  ბოლოს მუზეუმმა კოლექცია გამოისყიდა.
კვლევის პროცესისა და შედეგების მცირე ოთახში გამოფენით, მუზეუმის თანამშრომლებს სურთ დამთვალიერებელმა მეტი გაიგოს კვლევებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ, დასვას შეკითხვები, დაფიქრდეს იმ ეთიკურ საკითხებზე, ომის პერიოდში სხვადასხვა მიზეზით მუზეუმებში  არანებაყოფლობით მოხვედრილი კოლექციების გამოფენას რომ უკავშირდება. ასეთი კვლევითი პროგრამები სხვაგანაც არის და არა მარტო მუზეუმებში …
ახლა ისევ პატარა ოთახს რომ დავუბრუნდეთ, სადაც ვაიგანგის კოლექციაა გამოფენილი: აქ მთელი წლის მანძილზე იმართება თემატური დისკუსიები და მოხსენებები, ლექციები, პრეზენტაციები და ექსკურსიები. ეს პატარა ოთახი მშვენივრად იტევს საინტერესო, მარავალგანზომილებიან საგანმანათლებლო პროგრამას.
ამ პატარა ოთახის და მისი საკმაოდ დიდი შიგთავსის ნახვამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა,  რომ სულ არა აქვს მნიშვნელობა რამხელა სივრცე გაქვს;  თუ გინდა რამე შესთავაზო დამთვალიერებელს, რაიმე იდეა თუ გაქვს და საქმის კეთების სიხარული, –  მოახერხებ კიდეც. შეძლებ და თუნდაც მცირე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობით დაიწყებ.
ვუსმენ შესანიშნავ მოხსენებებს, თანმდევ დისკუსიას, კრიტიკულ ანალიზს და მახსენდება რა მდიდარი კულტურის რესურსი გვაქვს ჩვენს  მუნიციპალიტეტებში; როგორ არ ხდება ამ რესურსის განვითარებაზე და გამოყენებაზე ფიქრი და მსჯელობა; რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში კულტურის რესურსების აღწერაზე ვიმუშავეთ.  საკმაოდ მცირე დროში 300-ზე მეტი კულტურის რესურსი (მატერიალური და არამატერიალური) მოვიძიეთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სურათი გამოიკვეთა ამ პატარა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მუზეუმების (სახლ-მუზეუმების), ბიბლიოთეკების და ყოფილი კულტურის სახლების სიმრავლის კუთხით. წარმოიდგინეთ, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში არის ან სასოფლო ბიბლიოთეკა, ან სახლ-მუზეუმი, ან ყოფილი კულტურის სახლი; ან სამივე ან ორივე ერთად! ანუ, მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავალფეროვანი კულტურის ინფრასტრუქტურა არის შემორჩენილი, თუმცა თითქმის შინაარსის გარეშე. დიდი ნაწილი კი უმოქმედობისა და უპატრონობისაგან ინგრევა.
–         ნეტავ, არ შეიძლება სოფლის ახალგაზრდებისათვის, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის საინტერესო პროგრამების მოფიქრება და შეთავაზება? არგუმენტი, რომ სივრცეები მაგ. სახლ-მუზეუმებში საგანმანათლებლო პროგრამებისთვის არასაკმარისისა, არადამაჯერებელია. სულ პატარა სივრცეშიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო, შემეცნებაზე და რეფლექსიაზე ორიენტირებული პროგრამების მოფიქრება და დანერგვა. ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
–         ნეტავ,  არ შეიძლება ადგილობრივ დონეზე ვინმემ დაიწყოს ფიქრი კულტურის სერვისების,  ზოგადად კულტურის განვითარებაზე და გამრავალფეროვნებაზე? ან  არასოდეს გაჩნდება  ისეთი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ კულტურა და არაფორმალური განათლება ისეთივე მნიშვნელოვანია ადგილობრივი განვითარებისათვის, როგორც მაგ. სოციალური სფერო? რომ კულტურა ვერ დაიცდის, სანამ ყველაფერი მოგვარდება ამ ქვეყანაში.
–         ნეტავ, არ გამოჩნდება ერთი მონდომებული მოხელე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს!  იფიქრებს, მოიძიებს თანამოაზრეებს, პარტნიორებს. თუ ვერაფერს გააკეთებს იმსჯელებს მაინც, კრიტიკულ კითხვებს დასვამს: მაგ. რა ვუყოთ ამ ჩვენს ადგილობრივ სახლ-მუზეუმებს, კულტურის სახლებს? რა უნდა შეიცვალოს, რომ დამთვალიერებლის ნამდვილი დაინტერესება დაისახოს მიზნად და, სულ ცოტა, სოფლის მოსახლეობა მაინც მოიზიდოს? და როგორ ვაქციოთ ეს სივრცეები მაგ. სათემო განათლების  (თუნდაც თემატურ) ცენტრებად?
მსჯელობას და ფიქრს რაღა უდგას წინ?