ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის პირველი ტური დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს 152 სკოლამ მიიღო.
ყველაზე მეტი, 4,485 ქულის დაგროვება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენელმა, ლელოვანის საჯარო სკოლამ შეძლო.
მეორე ადგილზე სამაგრელოდა, სოფელ ეწერის სკოლა 4440 ქულით გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი გახდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლა, რომელმაც 4160 ქულა დააგროვა.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე გასული სკოლების სია უახლოეს საათებში გამოქვეყნდება. როგორც knews.ge–ს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) განუცხადეს, შერჩევის კრიტერიუმი სწორედ დაგროვილი ქულების რაოდენობაა. გამონაკლისია მხოლოდ არაქართულენოვანი და სპეციალური სკოლები, რომელთა საბოლოო შედეგსაც კოეფიციენტი განსაზღვრავს.
ნახევარფინალისტები ერთმანეთს რეგიონულ ტურებში დაუპირისპირდებიან, ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალური ტური კი 21 მარტს, თბილში გაიმართება.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის მოსაპოვებლად სასკოლო კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა.
CENN–ის ინფორმაციით, კონკურსი არის უნიკალური შანსი სკოლებისათვის (მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის), წარმოაჩინონ საკუთარი თავი, დაგეგმონ და განახორციელონ „მწვანე აქტივობები“ და ამგვარად შეიტანონ გარემოსდაცვითი კომპონენტი საგანმანათლებლო პროცესში.
ნიკო კეცხოველის I, II და III პრემიასთან ერთად, დაწესდება უამრავი პრიზი, როგორც ორგანიზატორებისგან, ასევე პარტნიორი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისაგან.
”კონკურსში სკოლის გუნდები ჩერთვებიან. ფინალური საგზურის მოპოვებას ისინი გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენით, მათი გაშუქებითა და გადაჭრით შეეცდებიან, რაშიც მათ CENN და სახელმწიფო სტრუქტურები დაეხმარებიან. მაღალი შეფასება ექნება გარემოსდაცვით აქტივობებს, რომელსაც სკოლები საკუთარი ინიციატივით განახორციელებენ, ქულათა მაქსიმუმი კი, ნიკო კეცხოველის წიგნებში აღწერილი მარშრუტების გამეორებისა და განახლების შემთხვევაში დაიწერება”, – განაცხადეს CENN-ში.
მათივე ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს საკონკურსო თემატიკა გაფართოვდა და ტყეებთან ერთად, ნარჩენების, ბუნებრივი კატასტროფებისა და მინერალური რესურსების მოპოვების პრობლემატიკასაც მოიცავს. აღნიშნული მიმართულებით კონკურსში რამდენიმე საერთაშორისო პროექტია ჩართული.