mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ლაგოდეხში დაცული ტერიტორიების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ლაგოდეხში დაცული ტერიტორიების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ევროკავშირის დაფინანსებით და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 

საბავშვო წიგნი სახელწოდებით ,,თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში“, გამოიცა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ლაგოდეხის განვითარების საპილოტე პროექტის ფარგლებში.
გამოცემის ავტორები გერმანელი და ფრანგი სტუდენტები ემანუელ შევალიე, ჯულია ბიოტგერი და რაფაელა ჰოლცერი არიან, რომლებიც ტურისტული მარშრუტით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში იმყოფებოდნენ. უცხოელი სტუდენტები ფრანულ–გერმანული თანამშრომლობის პროგრამის ,,GLEN”-ის მეშვეობით სამთვიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს აგვისტოში ესტუმრნენ. სტაჟირების მიზანი ლაგოდეხში ეკოტურიზმის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. წიგნის ერთ–ერთი ავტორის, ემანუელ შევალიეს თქმით, ლაგოდეხში ჩამოსვლისას ისინი დეტალურად გაეცნენ და შეისწავლეს არსებული გარემო და ლაშქრობების დროს აღმოაჩინეს პარკში მომუშავე ადამიანების პრობლემები და ის, რომ დაბინძურება ნარჩენების მეშვეობით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მისივე თქმით, სწორედ აქედან დაიბადა წიგნის შექმნის იდეაც.
,,სიტუაციის დათვალერებისას ვფიქრობდით იმაზე თუ როგორ შეიძლება გავმკლავებოდით აღნიშნულ პრობლემებს. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საგანმანათლებლო წიგნი ბავშვებისთვის ლაგოდეხის შესახებ, რომლის მეშვეობითაც მკითხველები გაიგებდნენ ბუნების შესახებ უფრო მეტს და იმას, რომ მას დაცვა სჭირდება. წიგნი გარემოს შესახებ ბავშვებს არამხოლოდ უამრავ ინფორმაციას აწვდის, არამედ გზადაგზა ართობს კიდეც’’,– განუცხადა Knews.ge-ს ემანუელ შევალიემ.
სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერის ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, წიგნი, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა და მისი გავრცელება გარდა საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საზღვარგარეთაც მოხდება. მისივე თქმით, წიგნი არასამთავრობო ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) პროგრამის ფარგლებში გამოიცა.
,,წიგნი გავრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რაც შეეხება ინგლისურ ვარიანტს მისი პრეზენტაცია დაგეგმილია საფრანგეთსა და გერმანიაში. ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას იმისათვის, რომ ლაგოდეხსა და გერმანიაში არსებულ დაცულ ტერიტორიებს შორის შეიქმნას გარკვეული თანამშრომლობის საწყისები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევას’’,– განუცხადა Knews.ge-ს ჯუბა მარუაშვილმა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე ფიქრობს, რომ წიგნის გამოცემა ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდების ეკოტურიზმით დაინტერესებას შეუწყობს ხელს. მისი განმარტებით, დაცული ტერიტორიების სააგენტო საზოგადოების ინფორმირების, ეკოგანათლების ხელშეწყობის და ინფორმაციის გავრცელების კუთხით ისინი სხვადასხვა სახის პროგრამებს ანხორციელებენ.
,,ჩვენი პროგრამის ფარგლებში მოვიწვიეთ ევროპელი ახალგაზრდები, რომლებმაც თავიაანთი გამოცდილებაი გაგვიზიარეს. გლობალური გარემოსდაცვითი ქსელის პროგრამაში უკვე მეოთხე წელია აქტიურად ვართ ჩართული, რომლის ფარგლებშიც ყოველ წლს 3–4 ახალგაზრდა ჩამოდის და გვეხმარებიან. ახლაც უცხოელ სტუდენტებთან ერთობლივი მუშაობით ძალიან კარგი პროდუქტი მივიღე. ეს არის კარგი ნიმუში, რომლის რეპლიკაცია შეიძლება მოხდეს და სხვა დაცულ ტერიტორიებზე შეიქმნას მსგავსი წიგნები’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების პროექტების სამსახურის უფროსის ნატო სულთანიშვილის თქმით, გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაციის კუთხით წიგნის გამოცემა არის ერთ–ერთი მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ,,გარემოსდაცვითი განათლება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ჩვენი ცენტრი მუდმივად ცდილობს, რომ სწავლების ყველა საფეხურზე გარემოსდაცვითი კომპონენტი აისახოს. მათ შორის სკოლამდელი განათლები, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებში. რათქმაუნდა არსებული ლიტერატურა საკმარისი არ არის გარემოსდაცვითი განათლების წარმატებით სწავლებისათვის და შესაბამისად ნებისმიერი დამხმარე ლიტერატურა, რომელიც გარემოსდაცვით განათლებას შეუწყობს ხელს მნიშვნელოვანია. წიგნი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ არის არაჩვეულებრივი დამხმარე ლიტერატურა 3–4 სასწავლო კლასის მოსწავლეებისთვის.ეს იქნება ძალიან კარგი რესურსი პედაგოგებისათვის, რაც გაამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს და უფრო საინტერესოს გახდის’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნატო სულთანიშვილმა.
პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია CARE, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (ENPARD) ფარგლებში.