ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
მესამე სექტორი გმობს უცნობი პირების მიერ სოფლის კულტურის სახლზე ცეცხლის წაკიდების ფაქტს და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს (KRDF) მხარდაჭერას უცხადებს.
“საქართველოს რეფორმების ასოციაციამ”, “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და “მედიის განვითარების ფონდმა აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვენ.
,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის მიზანი პანკისის ხეობის განვითარება და ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის კონკრეტული განათლების მიწოდებაა. ორგანიზაცია, ასევე, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გასცემდა. კულტურის სახლი ხეობაში ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულებაა, რომელიც უკვე 15 წელიწადია, რაც ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში მისმა მუშაობამ ხეობის მოსახლეობაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ხელმომწერი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს. მოვუწოდებთ, სამართალდამცავ ორგანოებს თემის შიგნით ყოველგვარი ეჭვისა და უნდობლობის თავიდან აცილების მიზნით, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის თანამშრომლების უსაფრთხოება. საქმის გაუხსნელობამ შესაძლოა გამოიწვიოს პანკისის ხეობაში ეთნიკური თუ რელიგიური ხასიათის უთანხმოება ,”– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.