mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

მიკრომეწარმეობის პროგრამები იმედის დაბრუნების შანსს იძლევა

მიკრომეწარმეობის პროგრამები იმედის დაბრუნების შანსს იძლევა
ამბავი იმაზე, თუ როგორ შეძლო  სოფელში მცხოვრებმა თამუნამ წარმატებული მიკრო ბიზნესის დაწყება და გაძღოლა. ამბავი იმედიან ქალზე, რომელიც სოფელს ცვლის. 

იმ დღეს სოფელში ვიყავი. მიყვარს იქ ყოფნა. სიმშვიდეა და სიჩუმე. ზედმეტი სიმშვიდეც კი, ალბათ იმიტომ, რომ სოფლები  უფრო და უფრო ცარიელდება.
და მაინც: მეზობელი შემოვა, ამბებს მოყვება, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ, რა ულხინთ და რა ადარდებთ. კიდევ ერთხელ  ვხვდები, რომ თბილისში სხვა რეალობაში ვცხოვრობ. ნამდვილი კი თითქოს სწორედ აქ არის.  ჩემს სოფელში  (ალბათ სხვაგანაც) ადამიანებს სულ სხვა საზრუნავი აქვთ. უმძიმესი ჯაფა უწევთ არსებობისთვის. მარტო გახურებულ თონეს რომ წარმოვიდგენ, ყოველდღიურად რამდენიმე საათი რომ უწევს ჩემს მეზობელ ქალს პურის ცხობა, მით უფრო  ზაფხულის პაპანაქებაში, გული მეწურება. თოხში სიარულიც წელში გამწყვეტი შრომაა, განსაკუთრებით ქალისთვის. დახედავ თუ არა ხელებზე მიხვდები. ბევრი ქალი დადის თოხში. დაღლილები ბრუნდებიან და კიდევ სახლის საქმეს აკეთებენ.
სოფელში ბევრი მეგობარი მყავს. ესენი  ძალიან ძლიერი ქალები არიან.  რა აღარ იციან, რას აღარ საქმიანობენ, რას აღარ უვლიან: ოჯახს, მიწას, მცენარეს, ცხოველს…  ბევრი რამე ვისწავლე მათგან და სულ აღმაფრთოვანებენ თავიანთი შესაძლებლობებით და ბუნებრიობით.
სიღარიბეს და უმუშევრობას ყველა თავისებურად ებრძვის. ერთმა ჩემმა ნაცნობმა, თამუნამ, მცირე ბიზნესი წამოიწყო რამდენიმე წლის წინ.  ლამაზ ადგილას ცხოვრობს, მისი სამოსახლო  კავკასიონს, ალაზნის ველს და სიღნაღს გადაჰყურებს. წლების წინ, როცა გავიცანი, ოცნებობდა, ნეტა ჩემს კარ-მიდამოში ეთნოგრაფიული ეზო მომაწყობინა, სტუმრებს მივიღებდი, მეც დავსაქმდებოდი და სოფლისთვისაც კარგი საქმე გამომივიდოდაო.  ძალიან მშრომელია, დაუზარელი, ისე როგორც ჩემი იქაური ნაცნობების უმრავლესობა.
ერთხელაც გამოჩნდა ე.წ. სტარტ-აპ გრანტების პროგრამა, რომელიც სწორედ ქალების მიკრომეწარმეობას უჭერდა მხარს. თამუნამაც სცადა ბედი. ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობის ბიზნეს-პროექტი დაწერა და მცირე დაფინანსება მიიღო.  დაიწყო და რა დაიწყო: თონე ჩადგა, პატარა მარანი ააშენა. ეხმარებოდნენ მეზობლები და მეგობრები. საწყისი დაფინანსება რომ გაქვს, მერე მცირე კრედიტსაც უფრო ადვილად გაძლევენ, უფრო გენდობიან, რადგან სხვა უკვე გენდო. ისე კი ბიზნესის დასაწყებად კრედიტის აღება საკმაოდ რთული ყოფილა, განსაკუთრებით ქალებისთვის – მათ სახელზე ძირითადად არანაირი ქონება არ არის რეგისტრირებული, რაც სესხის მისაღებად არის საჭირო. არადა, შენი მცირე ბიზნესის იდეა რეალობად რომ აქციო, როგორც წესი, მცირე საწყისი დაფინანსება  გჭირდება.
აიღო თამუნამ დამატებით მიკროსესხი და ეზოს კიდევ მიამატა რაღაცეები. შეუდგა ტურისტების მიღებას და ნელ-ნელა უფრო და უფრო გააფართოვა ეს მცირე წამოწყება. რამდენიმე სასტუმრო ოთახი სახლში, სველი წერტილების მოწესრიგება, ახალი იდეები, ახალი პარტნიორები, დაიმატა დამხმარეებიც; გაჩნდნენ  უფრო და უფრო მეტი ჯგუფები და კმაყოფილი სტუმრები, მუდმივი დაკვეთები და სტაბილური საქმიანობა.
იმ დღეს მიყვებოდა, როგორ და რამდენს მუშაობს, რომ მთელი ოჯახი ჩართულია ამ საქმეში, კიდევ რამდენ რამეს გეგმავს, როგორ წარმოუდგენია თავისი საქმიანობის გაუმჯობესება.  ძალიან კი იღლება, მაგრამ, როცა შენი საყვარელი საქმე გიჩნდება, ხალისიც აღარ გტოვებს. უსმენ და გიხარია,  იმედით ივსები. ასეთი  გოგოები ალბათ ბევრნი არიან, იდეები აქვთ, შრომა არ ეზარებათ, უნდათ თავიანთი შვილებისათვის უკეთესი მომავალი შექმნან, მაგრამ ხშირად მცირე ფინანსურ დახმარებაზეც კი  არ მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი პროგრამები ამუშავდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მაინც ვისურვებდი, მცირე მეწარმეობის წახალისების მეტი საშუალება არსებობდეს.
ასეთი პროგრამები, როგორც წესი, მოიცავენ საკმაოდ ინტენსიურ სწავლებასაც, რაც ფინანსებზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის. რეგიონებში მთავარი პრობლემა დასაქმებაა. არ მუშაობას წარმოება, არც თუ ისე ძლიერადაა განვითარებული საშუალო და მსხვილი ბიზნესი. შესაბამისად, სამუშაო ადგილი ცოტაა, მუშაობის მსურველი კი ბევრი. ასეთ დროს თვითდასაქმებაც გამოსავალია და მიკრომეწარმეობის წახალისება სწორედ ამის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. ამასობაში, სულ მცირე დაფინანსებით დაწყებული და მერე განვითარებული საქმეების უკვე საკმაო მაგალითი არსებობს.
წამიკითხავს მოსაზრება, რომ მირკომეწარმოების პროგრამები ვერ გახდება სიღარიბის ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრის ინსტრუმენტი. თუმცა, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ამ პროგრამებს, უპირველეს ყოვლისა,  სოციალური მნიშვნელობა აქვს. და ეს სოციალური მნიშვნელობა იმედის დაბრუნებასაც გულისხმობს. ჩემი აზრი არ არის, რომ სიღარიბესთან პირდაპირ კავშირშია უიმედობა და გარიყულობა. მიკრომეწარმეობის პროგრამები კი იმედის დაბრუნების შანსს იძლევა;  ისინი აჩენენ იმის მაგალითს, რომ ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და ჩვენ თვითონ, სხვების ლოდინის ნაცვლად, ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის. დაეხმარო ერთ ადამიანს,  ნიშნავს, რომ მას და მთელ მის ოჯახს იმედი ჩაუსახო. ეგებ მეზობლებსაც? და ნელ-ნელა ეგებ მთელ სოფელსაც? იმედის გარეშე კი რა უნდა ვაკეთოთ?
ვუსმენდი თამუნას და თან იმაზე ვფიქრობდი, შევძლებდი კი მე ასეთ შრომას? სტუმრების მასპინძლობას უწყლო სოფელში!  სულ გაოცებული ვარ – რამდენი შეუძლიათ და უფრო კარგი სოციალურ-ეკონომიკური გარემო რომ იყოს, რამდენს შეძლებდნენ!