დღეს მინდა მიხეილ ჭაბუკაშვილი გაგაცნოთ-ქართულენოვანი ვიკიპედიის მოხალისე ადმინისტრატორი სოფელ ქისტაურიდან, 10 400 ახალი და უამრავი შევსებული და ხელახლა დაწერილი სტატიის ავტორი.
ალბათ ყველას გსმენიათ ვიკიპედიას (Wikipedia) შესახებ და ბევრიც სარგებლობთ ამ უფასო ენციკლოპედიით. ალბათ გაინტერესებთ რატომ დაინტერესდა ამ საქმიანობით და როგორ მოხვდა ეს კახელი კაცი ენციკლოპედიის ადმინისტრატორად.
მესამე კურსის სტუდენტი იყო და როგორც სტუდენტების უმეტესობა ისიც ხელმოკლედ ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, არც საკუთარი კომპიუტერი ჰქონდა. ამ დროს, უნივერსიტეტში დავალება მისცეს, უნდა მოემზადებინა ათამდე პრეზენტაცია მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის შესახებ.
„ამ მასალების მომზადებისას, რა თქმა უნდა, ადამიანი პირველ რიგში ინტერნეტის საძიებო სისტემას მიმართავ, რომელსაც შემდეგ ვიკიპედიასთან მიყავხარ. სულ ვბრაზობდი, რომ ქართულად ინფორმაცია არ იყო. სემესტრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ეს მასალები ლექტორს გადავუგზავნე, ქართულ ვიკიპედიას მივადექი, ოღონდ ამჯერად სულ სხვა მიზნით — მინდოდა ჩემს მიერ მომზადებული ინფორმაცია განმეთავსებინა, იქნებ ჩემს გარდა ვინმეს კიდევ დასჭირვებოდა და გამოსდგომოდა. ასე დაიწყო ეს ყველაფერი, დღემდე გრძელდება და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. 13 იანვარი იყო, საღამოხანი, როდესაც ვიკიპედიაში ანგარიში გავხსენი; უკვე სრული 7-წლის ვიკიპედიელი ვარ. „-ამბობს სიამაყით მიხეილი.
ამ შვიდი წლის მანძილზე, ვიკიპედია მისი ცხოვრების წესად იქცა, ერთგვარ ვალდებულებად. ვიკიპედიის არსი, კი მისთვის ყველაფერია — საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ საქმეში, რასაც ცოდნის უფასოდ გავრცელება ჰქვია.
ფონდი ვიკიმედია რომელიც ფლობს და მართავს ვიკიპედიის ყველა განყოფილებას და სხვა პროექტებს, ვიკიპედიის მოხალისეებს აძლევს შანსს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო თუ რეგიონული ვიკი-კონფერენციებსა და შეხვედრებში. მათ შორის ერთ-ერთია „ვიკიმანია“, რომელიც ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ნებისმიერ ვიკიპედიელს აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი. ორგანიზატორები კონფერენციაზე მონაწილეებს იწვევენ ვიკიპედიაში მისი აქტიურობის და წვლილის მიხედვით; აფინანსებენ ყველაფერს — მგზავრობას, სასტუმროს ხარჯებს. მიხეილი, როგორც აქტიური მოხალისე 2015 წლის ივლისში, მიიწვიეს მექსიკის დედალაქ მეხიკოში.
„ჩემთვის ეს იყო დაუჯერებელი სასწაული, როდესაც ვიწამე, რომ ოცნებები ხდება, რადგან მექსიკა ბავშვობიდან იყო ჩემი ერთ-ერთი საოცნებო და მიუღწეველი ქვეყანა. ვიკიპედიაშიც ბევრს ვწერდი მექსიკის თემაზე. ასე აღმოვჩნდი ივლისის ცხელ დღეებში მეხიკოში. გავიცანი ათობით ვიკიპედიელი მთელი მსოფლიოდან, მივიღე დიდი გამოცდილება, ავითვისე ახალი ვიკი-უნარები; ამ კონფერენციის მიზანიც სწორედ ეს არის.“-ყვება მიხეილი
გარდა ამისა, ვიკი-კონფერენციებზე სხვა ქართველ ვიკიპედიელებთან ერთად ნამყოფია უკრაინაში, სომხეთში, ესტონეთში, გერმანიაში. გაზაფხულზე ბერლინშია მიწვეული. ასევე აქვს შანსი, ივლისში კვლავ მოხვდეს „ვიკიმანიაზე“, კანადის ქალაქ ტორონტოში. ეს კონფერენციები ერთგვარი მოტივის ასამაღლებელი საშუალებაა მოხალისეთათვის -ანაზღაურებას ვიკიპედიაში არ იღებ, მაგრამ გაქვს შანსი, ნახო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, გაიცნო ასობით მოხალისე მთელი მსოფლიოდან.
„ვიკიპედიამ მე ძალიან ბევრი ცხოვრებისეული რამ მასწავლა, თუნდაც საქმისადმი ერთგულება, თავდადება, მოხალისეობის უნარი და ა. შ. მასწავლა, როგორ უნდა იმუშაო უანგაროდ. ხშირად მიფიქრია, ვიქნებოდი თუ არა ვიკიპედიელი, გასამრჯელოს რომ ვიღებდე? — ალბათ არა. ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, უანგაროდ ემსახუროს სხვა ადამიანებს, თავის ქვეყანას. მე ამას ვიკიპედიაში ვხედავ, მიმაჩნია, რომ ბრძოლის ხაზი განათლებაზე, ინფორმაციაზე გადის და სწორედ ეს ხაზი უნდა გავაძლიეროთ. არ მინდა ამ საქმეში ანაზღაურება და არც არასდროს მდომნია; წარმოგიდგენიათ, ვიღაცას რომ გამოადგება შენ მიერ მომზადებული და განთავსებული ინფორმაცია, რა მადლიერი იქნება ვიღაც უცნობი რედაქტორის?“-გულანთებული საუბრობს მიხეილი.
მიხეილი წუხს, რომ ქართულენოვანი ვიკიპედიას მთავარი პრობლემა დღეს მოხალისეების სიმცირეა. იმ ინფორმაციას, რასაც დღეს ჩვენ ქართულ ვიკიპედიაში ვხედავთ, უვლის, პატრონობს და ამდიდრებს სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე.
15 იანვარს ვიკიპედიის დაბადების დღეა. ვულოცავ და ვუსურვებ მეტ მოხალისეს და მეტ საინტერესო და სასარგებლო სტატიას. მიხეილს კი წარმატებას და ძალიან ბევრი საინტერესო მწვერვალის დაპყრობას ვუსურვებ!