mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

მცირე მეწარმეები ბიზნესის გასაფართოებლად დახმარებას ითხოვენ

მცირე მეწარმეები ბიზნესის გასაფართოებლად დახმარებას ითხოვენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებმა მცირე მეწარმე ინგა პაპუნაშვილმა რამდენიმე წელია, აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ბანკიდან გამოტანილი სესხით საქონლის ფერმა გააკეთა. იგი ოჯახს თავისი წამოწყებული მცირე ბიზნესით არჩენს. 

მეწარმე ქალბატონის განცხადებით, საქმიანობა 10 ძროხის შეძენით დაიწყო, დღეისთვის კი, ფერმაში 25 სული ძროხა ჰყავს, საიდანაც 10 რეგულარული მეწველია. ინგა პაპუნაშვილის თქმით, მას საქონლის ფერმის მოსაწყობად და უკეთესი პირობების შესაქმნელად ფინანსური დახმარება სჭირდება. პაპუნაშვილისვე განცხადებით, მისი ყოველი დღე დილით 6 საათზე იწყება და საკმაოდ დატვირთულია, თუმცა ოჯახისა და ფერმის მოვლას წარმატებით ახერხებს. მეწარმე ქალბატონის თქმით, მცირე ბიზნესის წარმოებაში მას ოჯახის წევრები ეხმარებიან. იმის გამო, რომ ინგას ყოველდღე 10 ძროხის მოწველა უჭირს, ფერმაში ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა. იგი ყოველდღიურად ფერმიდან 60 ლიტრამდე რძეს იღებს, საიდანაც ნაწილს რძის საწარმოში აბარებს. გარდა ამისა, ინგა ყოველდღიურად მიღებული რძისგან მაწონს ადედებს და ყველს ამზადებს, რომელსაც სოფელში მდებარე მაღაზიებში აბარებს. მიღებული შემოსავლით კი, ცდილობს ფერმის გაფართოებას:
,,ბევრი სასოფლოსამურნეო დანიშნულების მიწები გვქონდა და სწორედ ამას უკავშირდება დღევანდელი ჩვენი მცირე ბიზნესი. მოგვყვავს მარცვლეული, სიმინდი, ხორბალი, ქერი, რისი რეალიზაციითაც სარგებელს ვერ ვიღებდით. მოვიფიქრეთ, რომ გაგვეკეთებინა ფერმა და საქონელს მოვახმარდით ჩვენ მიერ მოყვანილ მოსავალს, ასევე, მივიღებდით დამატებით შემოსავალს – რძეს, რითიც ოჯახი ფინანსურად გავძლიერდებოდით. გავაკეთეთ დაბალპროცენტიანი აგროსესხი და შევიძინეთ საქონელი. თავიდან გვყვავდა 10 სული ძროხა. თავდაპირველად საქმისთვის ალღოს აღება გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა გვყვავს 25 სული ძროხა, აქედან 10 არის რეგულარული მეწველი, დღეში 60 ლიტრამდე რძეს ვიღებთ. რძის ნაწილს ვაბარებთ რძის გადამამუშავებელ საწარმოში, ნაწილიდან ვადედებ მაწონს და ვაბარებთ სოფლის მაღაზიებში, ამომყავს ყველიც. ეს ჩვენთვის წამგებიანია, რადგან რძის ასეთი გადამუშავება მეტ შემოსავალს ვერ მოგვცმეს, ბოლომდე ვერ ვითვისებთ მოგებას, რადგან არ გვაქვს რძის გადამამუშავებელი საწარმო, საიდანაც მივიღებთ მაქსიმალურ მოგებას. ვცდილობთ, გავფართოვდეთ და გავაკეთოთ რძის გადამამუშავებელი პატარა მეურნეობა, რომელსაც ერთი ოჯახის მუშახელი ეყოფა, თუ არადა, დავასაქმებ რამდენიმე მეზობელს.”
სოფელ რუისპირის მკვიდრ ქეთი გოგილაშვილის თქმით, იგი ინგას წარმოებულ პროდუქციას ენდობა და შვილებისთვის რძის პრუდუქტებს თამამად ყიდულობს:
,,სამი შვილი მყავს, ხშირად ვყიდულობ ინგას მაწონს, ვიცი, რომ სანდო პროდუქციაა, ბავშვებისთვის ყოველდღიურად მიწევს რძის პროდუქტების შეძენა.”
ინგა პაპუნაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით მისი საქმიანობა ფინანსურად წამგებიანია, რადგან მსგავსი მეთოდით რძის სახლის პირობებში გადამუშავების დროს პროდუქტის დანაკარგი დიდია. მისივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს, აუცილებელია რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმოს შექმნა, რისი დახმარებითაც მაქსიმალურ მოგებას მიიღებს. ინგა პაპუნაშვილს იმედი აქვს, რომ შეძლებს მცირე ტიპის საწარმოს შექმნას, სადაც რამდენიმე მეზობელს დაასაქმებს:
,,ძალიან მიჭირს რძის გადამუშავება, დახარისხება. ჩვენი დილა იწყება 6 საათზე, ძროხებს ვწველით დამხმარესთან ერთად, ვუვლით საქონელს, ვაპურებთ, მიდის საქონელი საძოვარზე. შემდეგ რძეს ვაბარებთ საწარმოს და დანარჩენი მოგვაქვს სახლში. ვამუშავებ, ვაკეთებ ყველს, მაწონს, საღამოსაც იგივე მეორდება. ჩვენ, თავად ვაკეთებთ საქმეს. გვყვავს მხოლოდ ერთი მწყემსი, რომელსაც საძოვარზე მიჰყავს საქონელი. ძალიან რთულია რძის დამუშავება უდანაკარგოდ. ჩემი მეუღლე მეხმარება, რომელიც აქტიურად არის ჩართული ფერმერულ საქმიანობაში. მყავს 3 შვილი და ოჯახის საქმეც ბევრი მაქვს. ქალისთვის ძალიან ძნელია ამ საქმეების ერთდროულად კეთება, თუმცა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად – საჭირო. ზოგადად, ფერმერულ საქმიანობას ბევრი ფული სჭირდება, ხარჯი დიდია, ყოველდღიური შემოსავალისთვის ვმუშაობთ, საქმის ოჯახში გადანაწილება მნიშვნელოვანია, შრომატევადია, დამღლელია, მაგრამ შრომა ფასდება. სამომავლოდ, მინდა, გაფავართოვო ჩვენი წარმოება. მინდა, მქონდეს რძის გადამამუშავებელი რძის მცირე საწარმო, რომელიც შრომას გამიადვილებს, საუბარია ელემენტარული დანადგარების შეძენაზე. რაც ახლა მჭირდება დრო, ნახევარზე ნაკლები დამჭირდება. ამ შემოსავლებიდან არ მრჩება იმდენი, რომ ყველაფერს გავაწვდინო”.
სოფლებში წარმოებული რძის ნაწარმის რეალიზების შესახებ საუბრობს სურსათის უვნებლობის კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მანანა ზურაბაშვილი. მისი განმარტებით, რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში, ცვლილება არეგულირებს რძისა და რძის ნაწარმის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუაციასა და მარკირების პროცედერებს. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი ამ ეტაზე არ ეხება ოჯახურ წარმოებას:
,,რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. საქართველოში დღემდე არსებობს რამდენიმე სტანდარტი, ესენია: საბჭოთა კავშირის დროინდელი ქართული ,,ემესტი” და საწარმოს შიდა სტანდარტი. მეწარმეს შეუძლია, აირჩიოს აქედან, რომელიც სურს, მაგრამ ბოლომდე უნდა დაიცვას. ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ამ სფეროს, რძისა და რძის ნაწარმის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციასა და მარკირებას. მეწარმეებისთვის, ვინც ამ პროდუქციას აწარმოებს, სიახლე იქნება მარკირებასთან დაკავშირებით, მაგალითად, მეწარმე თუ აწარმოებს არაჟანს, ის რძის ნაწარმს ვერ დააწერს, თუ აღნიშნული პროდუქცია არ შეიცავს რძის ცილებსა და ცხიმებს. შეიძლება, ის შეცავდეს სხვა ცხოველური წარმოშობის ცილებსა და ცხიმებს, მაგრამ მას რძის ნაწარმის დაწერის უფლება არ ექნება. შეიძლება, რძის პროდუქტებში იყოს მცენარეული ცხიმებიც, მაგრამ ეს აღნიშნული უნდა იყოს ეტიკეტზე, სხვანაირად ჩაითვლება ეს ეტიკეტის დარღვევად, რომელიც, ამ კოდექსის თანახმად, დასჯადია და ითვალისწინებს 400-ლარიან ჯარიმას. ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ოჯახურ წარმოებას, მაგალითად, თუ ოჯახს ერთი ძროხა ჰყავს და მაწონს ყიდიან აგრარულ ბაზარში, არ ეხებათ, თუმცა მომავალში ყველა სურსათი, რომელიც ბაზარზე გაიყიდება, რეგულაციაში მოექცევა.”
 
„მულტიმედიური რეპორტაჟები  სოფლებიდან “რუბრიკის მომზადებისათვის knews.ge რედაქციას მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.