დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ყვარელში მცხოვრებ დავით მეტრეველს 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე ეწვია, დაბადების დღე პირადად მიულოცა, სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული საპატიო ჯილდო და საჩუქრები გადასცა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დავით მეტრეველი 1942 წელს, 25 წლის ასაკში წავიდა ომში. ის იბრძოდა ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, სადაც ერთ-ერთ სამხედრო შენაერთს მეთაურობდა. ნოვოროსიისკთან გამართული ბრძოლის დროს მეტრეველი მძიმედ დაიჭრა. მას მიღებული აქვს არაერთი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი.