mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი იზრდება

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი იზრდება

თელავში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ორკვირიანი კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება, ,,რეფერალის სისტემა ოჯახში ძალადობის მსხვერპთა დაცვისა და ძალადობის პრევენციისთვის”, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ორგანიზაცია ,,სოფლად მცხოვრები ქალები ადამიანის უფლებებისათვის’’ ინიციატივით ჩატარდა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი გიორგი გოგიბერიძე უძღვებოდა. აქტივობაში მონაწილეობა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
გიორგი გოგიბერიძეს განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალი კანონმდებლობის გაცნობას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ასევე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვას.
,,მარტში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება თვითმმართველი ორგანოების როლის გაზრდის გზით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ კუთხით არსებულ სიახლეებზე, პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე. გვინდა, დავსახოთ საერთო სამოქმედო გეგმა ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების უზრუნველსაყოფად,”- განუცხადა knews.ge-ს გიორგი გოგიბერიძემ.
ღონისძიების ინიციატორი ორგანიზაციის ,,სოფლად მცხოვრები ქალები ადამიანის უფლებებისათვის’’ გამგეობის თავმჯდომარის, თამილა ბაწაშვილის თქმით, აღნიშნული კუთხით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება ენიჭებათ ხელი შეუწყონ შესაბამის ტერიტორიაზე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/ კრიზისული ცენტრის შექმნას.
,,მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ცვლილებები შევიდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში”, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში. ჩვენი ორგანიზაცია ამ საკითხებზე 2009 წლიდან მუშაობს და დაარსების დღიდან არის ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი. მიმდინარე პროექტის ,,ერთად ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელის მიზანია ძალადობისაგან დაზარალებულთა დახმარების ცენტრის ჩამოყალიბება მუნიციპალიტეტში,”- განაცხადა თამილა ბაწაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლ პირებს შეუძლიათ ორგანიზაციას (ტელ: 557747262) დაუკავშირდნენ, სადაც მათ კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ.