mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

პრეზიდენტი პანკისში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერას გააგრძელებს

პრეზიდენტი პანკისში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერას გააგრძელებს

ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი პანკისი ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო, რომელზეც „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ საზოგადოებრივ ცენტრში 3 იანვარს მომხდარი ხანძრის ინციდენტი განიხლეს.
პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და სალაფიტების ერთერთი წარმომადგენელი.
ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, სოფიო შამანიდის განცხადებით, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში არაერთ პროექტს ახორციელებს და რამდენიმე პროექტისათვის გამოყენებული იყო სწორედ ის შენობა, რომელიც დაიწვა. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ფონდის მხარდაჭერას გააგრძელებს
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაიწყო შარშან, მეტიც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის უფრო გაფართოებას პანკისის ხეობაში. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა წლევანდელი წელი განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო პროექტებს”,- განაცხადა სოფიო შამანიდმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, „კახეთის რეგიონული განვითრების ფონდის“ ოფისში მომხდარი ინციდენტი კრიმინალური შემთხვევა იყო.
“ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი. ეს ამ შეხვედრაზე გაირკვა და მინდა, მადლობა ვუთხრა სალაფიტების წარმომადგენლებსაც, უხეცესთა საბჭოსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ ამას ნათელი მოეფინა”,- განაცხადა სოფიო შამანიდმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირება მოახდინა და ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს.