mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ჟან ჟაკი – გაკახელებული ფრანგი ფერმერი

ჟან ჟაკი – გაკახელებული ფრანგი ფერმერი


ის კახეთში, ახმეტის მუნიცი­პალიტეტის სოფელ არგოხში ცხოვრობს და მისი სახელი პატარა ბავშვმაც კი იცის. სანამ კახეთში ჩამოვიდოდა, სხვადასხვა დროს სწავლობ­და შტუდგარდში, ბერლინსა და სტრასბურგში.
ამჟამად ის არგოხში ფერმერულ მეურნეობას ეწევა და უძველესი ქართული მეთოდით აცხობს პურს, რომელსაც ვაკეში ყიდის. ყველას­თვის გასაკვირის არის ის, რომ ფერმერი, რომელიც გარეთ ვაჭრობს და რომლის გამომცხვარი პურიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფრანგი ჟან ჟაკ ჯეიკობსია. ის საფრანგეთის ქალაქ ბრეტანიდანაა.
გაკახელებული ფრანგი ფერმერი ყოველ პარასკევს, ღამის ორ საათზე იწყებს ცომის მოზელას. მცირე ხნის დასვენების შემდეგ შეშას ჭრის, ღუმელს ახურებს და პურს ნახშირზე თავად აცხობს, თუმცა ამბობს, რომ არ აიყენებს საფუარს, რაც ჟან ჟაკის პრო­დუქციას სპეციფიკურ არომატს ანიჭებს: „საფუარს არ ვხმარობ, მხოლოდ ხაში, წყალი და ფქვილი. ეს ჯანმრთე­ლობისათვის ძალიან კარგია“.
ჟან ჟაკ ჯეიკობსი საფრანგეთში ცხოვრების დროს პურს ალერგიის გამო ვერ ჭამდა. 2005 წელს კი სიღნაღის რმუნი­ციპალიტეტის სოფელ მაღაროში სტუმრობის დროს პური გასინჯა და ძალიან მოეწონა. ჯეოკობსი აღნიშნავს, რომ პური, რომელიც დააგემოვნა „წითელი დოლის“ ჯიშის ხორბლის ფქვილით იყო გამომცხვარი, რომელიც ამჟამად თავადაც მოჰყავს:
„პირველად საქართველოში მოვე­დი 2005 წელს. სოფელ მაღაროში სტუმრად ვიყავი, მეგობართან, სადაც პური გავსინჯე. ევროპაშიი პურს ვერ ვჭამდი, რადგან ალერგიას მაძლევდა. პური სპეციალური ხორბლით იყო გა­მომცხვარი. უკან დავბრუნდი 2006 წლის აპრილში და ეხლა სულ აქ ვარ. სოფელ არგოხის შესახებ კი მეგობრისგან გავიგე და აქ გადავწყ­ვიტე მოსვლა“.
2006 წელს საქართველოში ჩა­მოსვლის შემდეგ ჯეიკობსმა პურის უძველესი ქართული მეთოდით გამოცხობის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. საცხობი ხელსაწ­ყოები კი საფრანგეთში შეიძინა მან მალევე არგოხში სახლი იყი­და, თონე ააშენა და მას შემდეგ პურის გამოცხობა მისთვის სასია­მოვნო პროცესად იქცა. ყოველ შაბათს თავის მინიბუსს პურის გარდა სოფლის ნობათით ტვირთავს და ვაკეში, ფალიაშვი­ლის ქუჩაზე, მეგობრის სახლის ეზოში დგამს დახლს, სადაც აწყობს ყველს, მურაბას, თაფლს, თხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს. პურის ნაწილი რამდენიმე რეს­ტორანში მიაქვს და იქ აბარებს:
„ეს ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგი პურია და კარგი გემო და არო­მატი აქვს. პატარა მარკეტი გვაქვს და ვყიდით ყველს, წვენს, ბოსტნეულს და სხვადასხვა პროდუქტს. ეს ადგილია ფალიაშვილის 33 ა, რომელიც კონსტანტინე გამსახურ­დიას ძეგლთან არის. შაბათს ეზოში დგას მაგიდა და ქოლგა. შაბათს 9-დან 2-მდე კი ვყიდი პურს, მაგრამ პური რომ იყი­დოთ 120-საათამდე უნდა მოხვიდეთ, რადგან ძალიან ბევრი კლიენტია“.
მას პურის ცხობაში გერმანელი იანეს ხოზიგი, როზა დეგენჰართი, ამერიკელი კოლიერ დუროვიჩი და მეზობლები ეხმარებიან. გერმანელი როზა ჟანჟაკთან სკოლის დამთავრების შემდეგ სპე­ციალური პროგრამით ჩამოვიდა, რადგან აინტერესებდა სოფლის მეურნეობა და თან იცოდა, რომ საქართველოში დარგის შესახებ მნიშვნელოვან ცოდნას შეიძენდა. ჟან ჟაკის კახეთში ყოფნისა და მისი საქმიანობის შესახებ ინტერ­ნეტით შეიტყო. ამბობს, რომ ფერმერულმა სა­ქმიანობამ ძალიან მოხიბლა და სურს, რომ გერმანიაში დაბრუნე­ბის შემდეგ თავადაც დაიწყოს ეს საქმე.
„შარშან დავამთავრე სკოლა. უნი­ვერსიტეტში ჩაბარება არ მინდოდა. გერმანიაში ახალგაზრდებისათვის არის მთავრობის პროგრამა. მე ეს პროექტი ვიპოვე. ძალიან მომეწონა, მაინტერესებს სოფლის მეურნეობა. ივლისის ბო­ლომდე ვიქნები და მერე გერმანიაში დავბრუნდები“, – ამბობს როზა დეგენჰართი.
ჟან ჟაკს მოხალისეები ეხმა­რებიან მიწის დამუშავებაშიც. ნაკვეთები სოფელთან ახლოს აქვს და სწორედ იქ მოჰყავს ხორბალი. ის ამბობს, რომ ხორბლის და­თესვისას ადამიანი უნდა იყო და­დებით განწყობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარისხიან მოსავალს ვერ მიიღებს. გაკახელებული ფრანგი ქართვე­ლებს ამავე დროს ურჩევს არ და­ტოვონ სოფელი და მიწა დაამუ­შავონ.
„ბევრგან ვმუშაობდი, მაგრამ უღი­მღამოდ მიდიოდა ცხოვრება. აი როცა ეს საქმიანობა დავიწყე, აქ ვიპოვე ცხოვრების საზრისი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა პა­ტივი სცეს მიწას და კარგად იმუშაოს. მიწის მოვლა იგივე ხელოვნებაა. თუ კარგ ხასიათზე დათესავ ხორბალს, კარგიც ამოვა და მისგან დამზადებუ­ლი პურიც გემრიელი იქნება. ამიტომ ხორბალს არასად ვყიდულობ და მე თვითონ მომყავს“, – აღნიშნავს ჟან ჟაკი.
არგოხში მცხოვრები ქართველე­ბისათვის კი ჟან ჟაკი ერთგვარად ბიძგის მიმცემია. მირიან კოჭაური იმედგაცრუებული იყო და მძიმე სოციალური პირობების გამო აპი­რებდა კიდეც სოფლის დატოვებას. მირიანი ამბობს, რომ ჟან ჟაკმა მას სტიმული მისცა, ფერმერუ­ლი მეურნეობა გააფართოვოს და მოსავალი მოიყვანოს უძველესი ქართული მეთოდით, რომელიც გუ­ლისხმობს სოფლის მეურნეობაში შხამქიმიკატების აკრძალვას.
„ჟან ჟაკი ჩვენთვის დიდი მაგალი­თია. ეს ადამიანი ძალიან საინტერე­სო პიროვნებაა. ყველაფერი მოჰყავს შხამ-ქიმიკა­ტების გარეშე და ჩვენ ამას ქართვე­ლი ერი გადავეჩვიეთ, მაგრამ ამაში ჩვენ მივბაძეთ ამ კაცს და ხორბალი მოგვყვავს უსასრულოდ. რაც შეეხება დაფქვასა და გამო­ცხობას, მომავალი გვიჩვენებს“, – აცხადებს მირიან კოჭაური.
ჟან ჟაკი არგოხელებისათვის არ არის მხოლოდ მოსავლის უძველე­სი ქართული მეთოდით მოყვანის სტიმულის მიმცემი. ის მათ პროდუ­ქციის გაყიდვის მეთოდების შესახებ კონსულტაციებსაც უწევს. ნინო გუჯეჯიანის ოჯახმა მეფუ­ტკრეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ნინოს იმედი აქვს, რომ უცხოელი ჯეიკობსი თაფლის გაყიდვაში დაეხ­მარება. გუჯეჯიანების ოჯახი ჟან ჟაკთან ერთად ერობლივი მცირე ბიზნესის დაწყებასაც აპირებს.
„ხშირად ვაკითხავთ, ვნახულობთ, ვესაუბრებით. ჩვენ მეფუტკრეობას მივდევთ. მეფუტკრეობაში შხამქი­მიკატებს ვერ გამოიყენებ. ის ნამდვილად დაგვეხმარება იმა­ში, რომ რეალიზაცია გავაკეთოთ, ალბათ თბილისში. გვინდა, რომ ერთობლივად რაღაც გავაგრძელოთ. გვაქვს ღვინო და მეღვინეობას მივ­დევთ. საკმაოდ ბევრი ვენახი გვაქვს. დაგვეხმარება ამ ღვინის რეალიზა­ციაში და ა.შ. მერე ვნახოთ შემდეგში კიდევ რა იქნება“, – აღნიშნავს ნინო გუჯეჯიანი.
მოსახლეობა ამბობს, რომ სო­ფელ არგოხში ჟან ჟაკის ჩამოსვლის დღიდან მასთან უშუალო და ახლო ურთიერთობა აქვთ. მოსახლეობა იმასაც აღნიშნავს, რომ გაკახელებული ფრანგი ადა­მიანებს ხშირად ფინანსურადაც ეხმარება. არგოხელები მას დადებით ადა­მიანად ახასიათებენ და ვეღარც კი აღიქვამენ, რომ ის წარმოშობით საფრანგეთიდან არის.
„მან სოფელთან ძალიან კარგი საერთო ენა ნახა. როგორც ოჯახის წევრი ისეა ყველასთან. თუ რაღაცა დაგვჭირდა, თანხითაც რომ იყოს, ვთხოვთ და გვეხმარება. ძალიან კარგი პიროვნებაა და ყველას გვერდში გვიდგას. მისი ყოფნა ამ სოფელში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სხვანაირი ხედვა აქვს. ყურადღებას ბიოზე ამახვილებენ, რომ არ იყო ეს შხა­მქიმიკატები, რომლებიც მავნეა ადამიანებისათვის. ეს ნამდვილად სა­მომავლო საქმეა. ამას უნდა მიექცეს ყურადღება და ჩვენ თავად მაგალითი უნდა ავიღოთ მაგათგან, ვისწავლოთ და გავაკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა“, – ამბობს ნინო გუჯეჯიანი.
თავად ჟან ჟაკიც კმაყოფილებას ვერ მალავს კახეთში ცხოვრებით. ამბობს, რომ მას გულისხმიერ და სტუმართმოყვარე ადამიანებთან აქვს ურთიერთობა და საქართვე­ლოდან წასვლას აღარ აპირებს.
„მულტიმედიური რეპორტაჟები სოფლებიდან “რუბრიკის მომზადებისათვის knews.ge რედაქციას მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.