თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებმა ახალგაზრდამ სოფელში სანანდრეასის ჯიშის მარწყვის ბაღი გააშენა. გიორგი მუმლაურმა მარწყვის 15 000 ნერგი ერთ ჰექტარ მიწაზე გადარგა და სწორედ აქედან დაიწყო მისი ფერმერული ისტორიაც.
მიწის ნკავეთში, რომელიც საკუთარი დანაზოგით შეიძინა, დაამონტაჟა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მოწყობილობა, რომელიც კახელი ფერმერების უმეტესობისთვის სიახლეა. იგი მარწყვის მოსავალს რეგიონისა და თბილისის აგრარულ ბაზრებსა და რესტორნებში ყიდის. ახალაგზრდა ფერმერი მიწის ნაკვეთში მუშაობას ყოველდღე, დილის 5 საათზე, იწყებს.
,,ჩემი ფერმერული ისტორია თხილის ნერგების დარგვით დაიწყო. შემდეგ გადავწყვიტე, რომ შუაგულებში მარწყვი გამეშენებინა, რათა ნიადაგი არ გაცდენილიყო. ესპანური სანანდრეასის ჯიშის მარწყვი მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა და წლის ყველა დროს იძლევა მოსავალს. საქართელოში ჯერჯერობით ამ ჯიშის მარწყვის დეფიციტია. ხილი, ძირითადად, შემოდის თურქეთიდან. წლის ყველა სეზონზე ჩვენს ბაზრებზე უნდა გაიყიდოს ქართული პროდუქცია და არა თურქული. ამ ეტაპზე მცდელობამ გაამართლა, კმაყოფილი ვარ. ნაკვეთში გავაკეთეთ რწყვის წვეთოვანი სისტემა, ეკონომიურია და მაღალი ეფექტურობით გამორიჩევა. მარწყვის ძირებში დავაწყეთ ნამჯა, რაც ხილს აცილებს ლპობას და ინარჩნებს სისუთავეს, ასევე საჭირო ტენიანობას“, – ამბობს გიორგი მუმლაური.
ფერმერმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ავსტრიაში სასოფლო–სამეურნეო მიმართულებით გააგრძელა. იგი 10 წლის განმავლობაში უცხოეთში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, თუმცა საქართველოში ფერმერული საქმიანობის დაწყების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. იგი ცოტა ხნის წინ სოფელში დაბრუნდა და სასურველი ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. გიორგის მარწყვის ბაღში 15–მდე ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა დახმარებითაც ყოველდღიურად 100 კილოგრამ მარწყვს კრეფს. გარდა ამისა, მას მარწყვის ნერგები გამოყავს და ყიდის, აღებული ფულით კი მეურნეობის გაძლიერებისთვის სხვადასხვა ახალ ტექნოლოგიას ნერგავს.
,,უცხოეთიდან რაც გადმომაქვს, არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც აქ ჯერჯერობით სიახლეა. მნიშვნელოვანია როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს ნაკვეთს ისე, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ. ავსტრიაში ბევრი სასწავლებელია სოფლის მეურნეობის კუთხით და კარგად არის განვითარებული ეს სფერო. აქაც საჭიროა, რომ გაიხსნას კოლეჯები და სასწავლებლები, რათა დაინტერესებულმა ადამიანმა მიიღოს ცოდნა და გამოცდილება ამ დარგში წარმატებული მუშაობისთვის. რასაც ვუყურებ, ბევრი ნაკვეთი და ფართობი ცდება. ჩვენ ყველა გოჯი მიწა გამოვიყენეთ, რათა განვავითაროთ სხვადასხვა დარგი. ყველას უკვირს ამ დროს როგორ არის მარწყვის მოსავალი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიში ზამთარშიც დაისხამს”, -აღნიშნავს ფერმერი.
ახალგაზრდა ბიზნესმენი მზად არის, გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება იმ პირებს, რომლებსაც აინტერესებთ სოფლის მეურნეობა და მზად არიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. გიორგი მუმლაური აგრარული მიმართულებით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.
,,ვგეგმავთ მარწყვის ჯიშებს გამრავლებას, უკვე გვაქვს ახალი ნერგები, რომელსაც ვყიდით კიდეც. ვაპირებ, გავაფართოვო მეურნეობა და მეტი ადგილობრივი დავასაქმო“,– აცხადებს მუმლაური.
ადგილობრივები მსგავსი ფერმერული მეურნეობების შექმნას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მცირე ბიზნესის განვითარება სოფლის გაძლიერებასა და მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.
გიორგი მუმლაური