mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

საპატრიარქო 15 ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო 15 ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება, არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ იმართება. გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს თბილისში იმართება აქციაც და კონტრ-აქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრ-აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება.
ამიტომაც, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ორივე მხარეს, თავი აარიდოს პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას.
„ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს, _ ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.
საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისათვის.
ჩვენ კვლავაც შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით”, – განმარტავენ საპატრიარქოში.
ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დღევანდელ აქციას საქართველოს პრემიერ – მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი აქცია ექსცესების გარეშე ჩაივლის.
დღეს “ნაციონალური მოძრაობა” რუსთაველის გამზირზე გამართავს აქციას, ლოზუნგით – “დაიცავი საქართველო, მოითხოვე ევროპა”. აქციის მოინაწილეები 16:00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა, რომ ქვეყანა არასდროს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.
დღესვე, პარლამენტთან, ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი” ნაციონალური მოძრაობის აქციის კონტრაქციას გამართავს.
“15 ნოემბერს “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი” საშუალებას არ მისცემს მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ ორგანიზაციას და მის მომხრეებს, კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი, პროვოკაციული ტალღა ააგორონ და საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნან”. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.