mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის წევრებს ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის წევრებს ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხულიგნობის ნაწილში გაამართლა, ცემის ფაქტზე კი ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.
განაჩენი მოსამართლემ ორწლიანი დავის შემდეგ გამოიტანა. საქმის პროკურორისთვის კი ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას.
„წარდგენილი გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს დღევანდელმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა და აუცილებლად დავამტკიცებთ იმასაც, რომ იქ ცემის ფაქტს ადგილი არ ქონია,“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც დაესწრნენ. გიორგი ღვინიაშვილმა მომხდარი ფაქტი ოპოზიციაზე განხორციელებულ ზეწოლად შეაფასა.
,,მოსამართლემ ვერ გაბედა, რომ ბოლომდე დაპირისპირებოდა პროკურატურას, ამიტომ გარკვეულ ნაწილში ისინი ცნო დამნაშავეთ. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ, რადგან საქმეში არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომაზე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ღამეს დედოფლისწყაროში მომხდარი ინციდენტი განიხილებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ენმ-ის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებმა, მამუკა ბაღაშვილმა და ზურაბ ყოჩიაშვილმა იხულიგნეს და მე-7 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, პეტრე მამულაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაშიც დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ისაუბრა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე, რომელიც საარჩევნო უბნის მიტოვებასა და შემაჯამებელი ოქმის დამკვირვებლებისთვის წარდგენას გულისხმობს. მომჩივანი მხარე პეტრე მამულაშვილი კი ერთი წლის წინ გარდაიცვალა.