სოფელ ართანაში სურსათის უვნებლობის სამსახური წყლის მიკრობილოგიურ დაბინძურებას ადასტურებს. ართანის წყლის სათავე-ნაგებობა მომწამვლელი ნივთიერება აზბესტის შემცველობისაა, რომლის გამოყენება ამერიკასა და ევროპაში მთლიანად აკრძალულია.
მოსახლეობა იძულებულია წყალი სამელად გამოიყენოს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს. ადგილობრივები სოფელში წყლისაგან გამოწვეული ინფექციური და სიმსივნური დაავადებების გავრცელებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამ მიზეზით ადგილობრივი მაცხოვრებლის გარდაცვალების ფაქტს ასახელებენ.
„ამ სოფელში ისეთი საშინელი წყალია რომ პირუტყვსაც არ დაელევინება. გვეკითხებიან ართანელები ცოცხლები ხართ? როგორ სვამთ ამ წყალს? ძალიან ბევრი ადამიანია ართანაში ღვიძლით დაავადებული. ჩვენი მეზობელი, ახალგაზრდა ადამიანი ამ წყლით მოიწამლა და გარდაიცვალა“, – ამბობს ლილი მაისურაძე. ართანაში წყლის შიდა ქსელის მილები შეცვალეს. სათავე ნაგებობის შეცვლა კი შორეული პერსპექტივის საკითხია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გამოსავალი ეკოლოგიურად სუფთა ახოტის წყლის სოფლამდე მიყვანაა. მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარების მხრივ დიდი ფინანსური სახსრების არაეფექტურად დახარჯვაზე საუბრობს. უარყოფითი დასკვნების მიუხედავად სურსათის ეროვნული სააგენტოში სოფელში წყლისმიერ ეპიდემიის გავრცელებას გამორიცხავენ. უწყებაში აზბეტის მილების მავნებლობაზე საუბრისაგან თავს იკავებ და აცხადებენ, რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება
.„სოფელ ართანაში ავიღეთ წყლის სამი სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამივე მათგანში იყო დაბინძურება. მასში აღმოჩნდა კოლიფორმები და ბაფალმი. აღნიშნული ბაქტერიები არ არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის“, – განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მანანა ზურაბაშვილი. გარემოსდამცველები კი მეტ საფრთხეს ხედავენ ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების შემცველ მასალაში, რომლისგანაც დამზადებული მილებით სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აზბესტი სხვადასხვა სახის სიმსივნურ დაავადებას იწვევს. ექსპერტები სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივ თვითმმართველობას მოკლევადიანი ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.
„აზბესტის მილები წყალთან შედის რეაქციაში და გამოიყოფა კარცენოგენური ნივთიერებები, რომელებიც ადამიანის ორგანიზმში იწვევენ სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებას. გარდა ამისა, აზბესტი, ქიმიური ელემენტი, რეაქციაში შედის როგორც წყალთან, ასევე ნიადაგთან და გარემო ბინძურდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით აზბესტის მილები გამოიცვალოს“, – განმარტავს გარემოს დაცვის სპეციალისტი კახაბერ სუხიტაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ სოფელ ართანის სათავე ნაგებობის გამოცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სპეცილისტების დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. ალექსანდრე შათირიშვილის უწყება მოსახლეობის შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს და სასმელი წყლისაგან გამოწვეულ ფატალურ შედეგებს გამორიცხავს.