გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
სამუზეუმო კომპლექსს ახალი, 12-ნომრიანი სასტუმროც შეემატა. კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო სახლ-მუზეუმი თავისი მნიშვნელობით, ისტორიითა და არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წერტილი იქნება ტურისტულ, განსაკუთრებით კი ღვინის ტურისტულ რუკაზე.
“კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ადგილი დაემატა საქართველოს. აქ დაიწყო ქართული კონიაკის წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მისასალმებელია, რომ იგი კომპანია “ბლექ სი გრუპმა” მთლიანად აღადგინა პირვანდელი სახით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. აქ, ასევე, იგეგმება მცირე სასტუმროების დამატება და 5 ჰექტარ ფართობზე ვენახების გაშენება,” – განაცხადა პრემიერმა.
სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს – სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.