სოფელში სასმელი წყლის სამი ჭა საქველმოქმედო კავშირ „თემის“ ინიციატივით და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით მოეწყო. ადგილობრივების განცხადებით, გრემის მოსახლეობას მრავალი წლის მოუგვარებელი პრობლემა მოეხსნება.
მათი ინფორმაციით, სასმელი წყლის არარსებობის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია აწუხებს. სოფელ გრემის მოსახლეობა ამბობს, რომ გასულ წლებში წყლის მოსატანად ზამთარსა და ზაფხულში ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ.
“ხშირად ერთი თვის ნადგამ წყალს ვასმევდით ბავშვებს. ყველაზე დიდი და წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა იყო სასმელი წყლის არარსებობა. კარგი იქნება, თუ ეს პრობლემა მოგვარდება და წყლის მოსატანად სიცხესა და სიცივეში ფეხით არ მოგვიწევს სიარული’’, – განაცხადეს სოფელ გრემის მცხოვრებლებმა.
სოფელში სასმელი წყლის ჭების მოწყობის სამუშაოები იაპონიის მთავრობის პროექტის ,,გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში განხორციელდა. 2016 წლის 10 მარტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და საქველმოქმედო სათემო ორგანიზაციამ პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
კაიტანის ინფორმაციით, პროექტი უზრუნველყოფს სოფელ გრემის 1200–მდე მოსახლის და სათემო ორგანიზაციის ბენეფიციარების სასმელი წყლით უწყეტ მომარაგებას.
,,სოფელ გრემში ეს პროექტი წარმატებით დასრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებასა და ფორმირებაში იყო ჩართული. საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნები არიან და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კეთილი საქმე, მხარში ამოვუდგეთ მას. სოფელში პროექტის განხორციელება, რომლის გრანტის ოდენობაც 71 729 დოლარს შეადგენდა, მნიშვნელოვანია და აღნიშნული პროექტის მეშვეობით ბევრი ადამიანი ისარგებლებს უწყვეტი წყლით. ასეთი სახის პროექტების განხორციელება საქართველოსა და იაპონიას შორის არის მეგობრობის ხიდი’’, – განაცხადა ტოშიო კაიტანიმ.
როგორც knews.ge-ს პროექტის ინიციატორმა საქველმოქმედო კავშირ „თემის“ წევრმა, ტატი ტროფიმჩუკიმ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სათემო ორგანიზაციამ სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი ითამაშა. მისი თქმით, საქველმოქმედო კავშირი სათემო ორგანიზაციაა, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ უსახლკარონი, მოხუცები, მარტოხელა დედები და ა.შ.
,,მოხარულები ვართ, რომ იაპონიის საელჩოსთან ერთობლივი მუშაობით შევძელით და სოფელში გავხსენით სამი ჭაბურღილი. ვფიქრობ, ეს მოსახლეობას დიდ პრობლემას მოუხსნის. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია რაც შეიძლება მეტი დახმარება გავუწიოთ გრემის მოსახლეობას, რომ მათ მოეხსნათ ის პრობლემები რაც აწუხებთ’’, – აღნიშნა ტატი ტროფიმჩუკმა.