mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სოფელ ყიტაანის მოსახლეობის ინფორმირების დონე დაბალია

სოფელ ყიტაანის მოსახლეობის ინფორმირების დონე დაბალია


გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელ ყიტაანში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების დონე დაბალია.
ადგილობრივები knews.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოსახლეობის ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობს.
ოსური სოფლის ბირჟასა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ჭიშკარზე შეხვდებით პოლიტიკური პარტიების მიერ გაკრულ პლაკატებს, რომლის ნაწილიც დაზიანებულია.
ადგილობრივები მომავალ დეპუტატს სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას თხოვენ. მათი ინფორმაციით, ძირითად პრობლემას საჯარო სკოლის არარსებობა წარმოადგენს, რომელიც მცირე კონტიგენტის გამო 9 წლის წინ დაიხურა.
,,ხშირად მოდიან და ხალხს ელაპარაკებიან, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს გვეუბნებიან. ყველა პრობლემაზე ამბობენ, რომ მოაგვარებენ, მაგრამ როგორ, ამას ვერ აკონკრეტებენ. ბოლო 10 წელია სოფელს დაწყებითი კლასებიც კი არ აქვს, გააუქმეს და ჩუმლაყის სკოლას შეუერთეს. ათეულ წელში რამდენი არჩევნებიც იყო, ყველას ვთხოვთ სკოლის აღდგენას, მაგრამ არაფერი შეცვლილა. აქ არავინ მოდის, რომ ვინმემ პარტიების პროგრამები გაგვაცნოს,“– განაცხადა რობერტ ქუზეშვილმა.
ოსური დასახლება, რომელიც ჩუმლაყის თემში შედის, გზიდან 4 კილომეტრია. დასახლებაში ამ დროისთვის 120 კომლი ცხოვრობს.
ადგილობრივების განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირება ამ დრომდე არცერთი პარტიის მიერ არ შესრულდა. მათივე თქმით, სოფლის ცხოვრება დღითიდღე უარესდება და ახალგაზრდებისგან იცლება.
პირად საუბრებში მოსახლეობის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. მათივე თქმით, ამ ნაბიჯს არჩევნების მიმართ ნაკლები ინტერესით ხსნიან.
,,ჩვენ ვითხოვთ, რომ სასმელად ვარგისი წყალი და ამბულატორია ქონდეს სოფელს. დანარჩენ საკითხებზე აღარ ვსაუბრობ. სინთლის ბოძებიც ამორტიზებულია, გამოსაცვლელი, ვინ მიხედავს ამ საკითხებს? შიდა გზებიც კი არ გააკეთეს, მარტო ცენტრალური ერთი ქუჩა დააგეს, ამისთვის მადლობლები ვართ, უმადური ხალხი არ ვართ. მომავალ დეპუტატის ვთხოვთ, რომ დაინტერესდეს ჩვენი სოფლის პრობლემებით და მოგვხედოს“, – ამბობს მერაბ თოგოშვილი.
ყიტაანის მოსახლეობა მომავალ დეპუტატს ადგილობრივი ბაზრების მოძიებაშიც სთხოვს დახმარებას. მათი თქმით, მოსახლეობის შრომა წყალში იყრება და თეთრებში უწევთ მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზება.
,,უდიდესი შრომა და თანხა სჭირდება მოსავლის მოყვანას. როგორ შეიძლება, რომ გლეხს, რომელსაც მუშაობა არ ეზარება მათ გასაყიდი ბაზრები არ ქონდეს, მოგვხედოს მომავალმა დეპუტატმა რომ ეს პრობლემა მოგვიგვარონ. სოფლის მთავარი პრობლემა ეს არის. მომავალამ დეპუტატმა ამ საკითხით უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება თუ სოფლისთვის სიკეთე უნდა“,– ამბობს როლანდ ძებისაშვილი.
მოსახლეობა მომავალ დეპუტატს მათი სოფლის პრობლემების პარტიის საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებას სთხოვს.
ექსპერტები საარჩევნო საკითხებში აცხადებენ, რომ სოფლებში მნიშვნელოვანია საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობა და მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არჩევნების პროცედურების შესახებ. მათივე შეფასებით, საქართველოში საარჩევნო კულტურა ნაკლებად არის განვი­თარებული.
,,მოსახლეობა უნდა ფლობდეს ინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. უნდა ხდებოდეს მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდა და მათი გააქტიურება, რათა მათ შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა“, – აცხადებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ წარმომადგენელი ლევან იაგანაშვილი.
სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.