mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა

მიმდინარე წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანასება წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ არის.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად იღებდნენ გარკვეული რაოდენობის თანხას, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდებოდა.
მიმდინარე წლიდან საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგეობებს მოუწევთ გარკვეული პროცედურის გავლა. თანხის მოთხოვნამდე მათ მისი საჭიროების დასაბუთება მოუწევთ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის პროგრამა გაერთიანდა რეგიონულ ფონდებთან და მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში.
,,მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, ამ წესის შესაბამისად უზრუნველყონ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ საბიუჯეტო სახსრები“, – განმარტავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი.
მოსახლეობის აზრით, სოფლების განვითარებისა და ადგილობრივების ჩართულობის მხრივ პროგრამა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება სოფლებს დააზარალებს და ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება.
,,პროგრამები, რომელიც სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს, არ უნდა გაუქმდეს. სოფლებში პრობლემები გვარდებოდა, ცენტრალურ გზებზე განათებები გაკეთდა, ბუნკერები დაიდგა, ბაღები გარემონტდა, წყლისა და გზების პრობლემებიც ნაწილობრივ მოგვარდა. ხალხის ინტერესი უფრო მეტად რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, აქამდე უფრო მეტი საქმე იქნებოდა გაკეთებული. ეხლა მითუმეტეს, საერთოდ აღარაფერი აღარ გაკეთდება, რაც უარყოფითად აისახება სოფლის განვითარებაზე“, – აცხადებს knews.ge-სთან მანანა გრძელიშვილი.